მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოოპერატივი "ეკოსათბური" სამაცივრე მეურნეობით აღიჭურვა

5afc0cc316c9f
მაია ბიწაძე
16.05.18 14:48
1043
კოოპერატივი ,,ეკოსათბური“, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეული მოჰყავს, ფართოვდება. როგორც მისმა დამფუძნებელმა მზია შავაძემ BM.ge-ს განუცხადა, კოოპერატივმა ევროკავშირის პროექტის გრანტი მოიპოვა და ამჟამად სამაცივრე მეურნეობის მოწყობითაა დაკავებული, სადაც სეზონურად მოყვანილ ხილს შეინახავენ და შემდეგ გაყიდიან. კოოპერატივი ქალაქ ბათუმში მდებარეობს და 5 წევრისგან შედგება.

"2006 წლიდან ვეწევი ამ საქმიანობას, თავდაპირველად სათბური ჩემმა ოჯახმა კუსტარულად დაამზადა და იქ რუსული ჯიშის კიტრი მოგვყავდა. 2016 წელს კოოპერატივი დავაფუძნეთ, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდნენ. 2017 წელს ევროკავშირის, ENPARD -ის გრანტი მოვიპოვეთ, 24 ათასი ლარის ოდენობით, რითაც ევროპული დონის სასათბურე მეურნეობა მოვაწყეთ. ის თავად ENPARD -ის მიერ გამოგზავნილმა სპეციალისტებმა გაგვიკეთს. სათბური 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, ამის გარდა კიდევ 100 კვადრატულ მეტრ სათბურს ვფლობთ.

ახალ სათბურში პირველი მოსავალი ახლახანს მივიღეთ, იქ ესპანური, "სან ანდრიასის" ჯიშის მარწყვი მოგვყავს, რომელიც მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იძლევა. კილოგრამს სეზონზე 5 ლარად ვყიდით. ასევე მოგვყავს კიტრი. სათბურში ქიმიური პრეპარატებს არ მოვიხმართ, ამიტომ ჩვენი პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთაა. ეს მომხმარებელმაც იცის და პროდუქცია უპრობლემოდ გვეყიდება, ფაქტიურად ის სათბურიდანვე მიაქვთ, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხელითაც კი კრეფენ “ - განაცხადა მზია შავაძემ.

მისივე განმარტებით, სამაცივრე მეურნეობა კოოპერატივის წევრებს საშუალებას მისცემს ბიზნესი გააფართოვონ და არამხოლოდ საკუთარ სათბურში მოყვანილი ხილ-ბოსტნეული გაყიდონ, არამედ სეზონზე მოსული სხვა პროდუქტებიც შეიძინონ და მაცივარში დაასაწყობონ, შემდეგ კი ზამთარში მაღალ ფასად გაყიდონ. სამაცივრე მეურნეობას 100 კვადრატულ მეტრზე აკეთებენ, რაშიც 15 ათასი ლარის ინვესტიციას დებენ, აქედან 10 ათასი ENPARD -ის გრანტია.