მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონსორციუმი ცქიტიშვილს პასუხობს: საქმე გვაქვს მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან

5c94dc63c04fa
თელარა გელანტია
22.03.19 16:59
686
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის 21 მარტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლას და განცხადებას ავრცელებს.

„სამწუხაროდ, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი მცდარი, არაობიექტური და დამახინჯებული განცხადება, რომელიც ზიანს აყენებს როგორც ამ დიდი მნიშვნელობის პროექტს და მისი მშენებლობის პროცესს, ასევე იმ საერთაშორისო ინვესტორებსა და დონორებს, რომელთაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიეღოთ პორტის მშენებლობაში, აიღეს რისკი და აფხაზეთთან ახლოს, კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში განახორციელეს სოლიდური ინვესტიცია; ეს განცხადებები რეპუტაციას ულახავს და აკნინებს იმ უცხოელ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც კვლავ მზად არიან გააგრძელონ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ილახება და ზიანდება სახელმწიფოს ინტერესები და ეჭვქვეშ დგება მისი, როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის რეპუტაციაც.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ყველაზე ცნობილ და ჩვენი ქვეყნის მთავარ დონორ ბანკებთან (EBRD, OPIC, ADB, AIIB) და სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ხელისუფლების შორის 8 პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული პროექტის ფინანსური დახურვაც.

ქალბატონი მინისტრის მიერ მკაფიოდ და არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ გააჩნია გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების საქმეში, მაშინ როდესაც ჩვენი გუნდი შედგება ისეთი საერთაშორისო პარტნიორებისგან როგორიცაა: Conti Group, SSA Marine, Van Oord, Hyundai , MTBS , BergerABAM , Moffatt & Nichol, Royal Haskoning, Hatch , Ecoline International , Worley Parsons, Halo Trust, Baker Mckenzie , Dentons , Willkie Farr & Gallagher , Clifford Chance , Marsh და სხვები.

ეს არის მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე კონსორციუმში შემოვიკრიბეთ და ამ კომპანიებს თავიანთი არსებობის მრავალი წლის მანძილზე არაერთი, ანაკლიის პორტის პროექტის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი პროექტები განუხორციელებიათ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიაჩნია - როდესაც ასეთი დიდი გუნდიდან არ ხდება მისი არცერთი წევრის ხსენება, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი პორტოპერატორის და აქციონერის, უდიდესი ამერიკული კომპანიის “SSA Marine” - ს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ერთი პროექტის, არამედ მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამ განცხადებებმა შესაძლებელია ნეგატიური მუხტი შეიტანოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც.

აქვე გვინდა შეგახსენოთ სიტყვები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა საქართველოში ვიზიტისას, სწორედ SSA Marine- სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის პარტნიორობის გაფორმების ცერემონიალზე წარმოთქვა:

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძლიერი ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების გამყარების საუკეთესო გამოხატულებაა. ამერიკული კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი ამ ორმილიარდიან პროექტში და ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებას!”

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო გუნდს ასევე სჯერა, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებს არც მომავალში დაემუქრება რამე საფრთხე და ის კვლავ წარმატებულად გაგრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავრობას, რომ მზად ვართ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგისთვის, რომ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკისრებულ მოვალეობებს და რომ კვლავ არ დავიშურებთ ძალასა და ენერგიას, წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.