14.მარტი.2016 14:47
ბიზნესი

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა
კონკურენციის სააგენტომ ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი“-ს განცხადებაზე, ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის დაწყების თაობაზე, უარი განაცხადა.
 
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოთხი მსხვილი მონაწილე კომპანია კონკურენციის შემზღუდველი ექსკლუზიური ხელშეკრულებებით ზღუდავს მედიკამენტების იმპორტს და მათ დისტრიბუციას ქვეყნის შიდა ბაზარზე, მათ შორის, გადაყიდვის ფასების დადგენის გზით.

როგორც კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, საქმის წარმოების ფარგლებში, სააგენტომ რამდენჯერმე მიმართა ცენტრს დამატებითი ინფორმაციისა და მათ ხელთარსებული მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით.

"წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციასა და მტკიცებულებებში საუბარი გრძელდებოდა, კვლავ, მხოლოდ ეჭვის არსებობის შესახებ. სააგენტომ ასევე გამართა საკონსულტაციო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-სა და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან (რომელთაც განხორციელებული ჰქონდათ კვლევები ფარმაცევტულ სექტორთან მიმართებით), ასევე, თავად განმცხადებელთანაც. თუმცა, შეხვედრის მონაწილეებს არ წარმოუდგენიათ, კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე რაიმე მტკიცებულება", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, განმცხადებელი 2016 წლის 13 იანვრის წერილში ეყრდნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს, რომელიც აღწერს 2012 წლამდე, და ყველაზე გვიან, 2012 წელს არსებულ მდგომარეობას ფარმაცევტულ ბაზარზე. აღნიშნული კვლევა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის 2012 წლის რედაქციის ამოქმედებამდე პერიოდს ეხება. „კანონის უკუძალის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია მასზე რეაგირების შესაძლებლობას", - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, განმცხადებელმა სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო და არც მ/წ. 24 თებერვლის საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში არ იქნა აღმოჩენილი ისეთი გარემოებები, რომლებიც გააჩენდნენ გონივრულ ეჭვს კანონის ამოქმედების შემდგომ შესაძლო სამართალდარღვევაზე.

"ცენტრის მიერ დასახელებულ სავარაუდო სამართალდარღვევის სუბიექტებს მიეცათ თავიანთი პოზიციის წარმოდგენის საშუალება, სადაც ისინი მიუთითებენ აღნიშნული ბრალდებების უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე, კონკრეტული ფაქტობრივ გარემოებებისა და დოკუმენტების არარსებობაზე. ასევე, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ბოლო წლებში ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენა-გაფართოებაზე. მათი შეფასებით, 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა პარალელურ იმპორტთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა ექსკლუზიურ კონტრაქტებს და ცვლილების შემდეგ, მედიკამენტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ფარმაცევტული კომპანიები აპელირებდნენ მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებულ რეპუტაციულ ზიანსა და ფინანსურ რისკზე.

სავარაუდო სამართალდარღვევის სუბიექტთა მიერ წარმოდგენილი წერილები გადაეგზავნა განმცხადებელს, რომელსაც ეთხოვა პოზიციისა და დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. თუმცა, მისი მხრიდან (ინტერნეტ-სტატიების ლინკების გარდა) არ მომხდარა დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სააგენტოს გონივრულ ეჭვს გაუჩენდა კანონის მე-7 მუხლის დარღვევასთან მიმართებით.

გარდა ამისა, განმცხადებელი მიუთითებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტორი, მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ვერ გაამართლებს სააგენტოს მიერ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე მოკვლევის დაწყებას და შეზღუდული ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი"-ს განცხადება "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაძლო დარღვევის შესახებ ვერ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს. ამდენად, სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ. 26 თებერვლის N25 ბრძანების შესაბამისად, ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი"-ს 2015 წლის 29 დეკემბრის განცხადება არ იქნა დასაშვებად ცნობილი.

ამასთანავე, კონკრეტული განცხადების საფუძველზე მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ სააგენტო მხედველობაში არ იღებს მასში მითითებულ ფაქტებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განცხადების დაუშვებლად ცნობა არ უთანაბრდება განცხადებაში მოყვანილი შესაძლო სამართალდარღვევის არარსებობის შესახებ დასკვნას. სააგენტო, ნებისმიერ დროს, გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, როგორც ახალი განცხადების/საჩივრის, ასევე საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია დაიწყოს მოკვლევა შესაბამის ბაზარზე", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.



15.ივლისი.2018 15:39
60

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
119

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
199

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
343

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
216

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 16:20
909

AlterSocks-მა მათი პროდუქციის დიზაინის უკანონოდ გამოყენების საქმე მოიგო

ვრცლად