მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო პურის რეალიზაციისას ე.წ. ქეშ-ბექის პრობლემასაც შეისწავლის

5c3f1cb56f9e5
თამუნა დემეტრაშვილი
16.01.19 15:58
953
კონკურენციის სააგენტო პურის რეალიზაციისას ე.წ. ქეშ-ბექის პრობლემასაც შეისწავლის.

ამის შესახებ bm.ge-თან საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

,,ის რომ ,,ქეშ-ბექი პრობლემაა, პრესიდან შევიტყვეთ; ოფიციალურად ამის შესახებ არავის მოუმართავს. ჩვენ შეგვიძლია და მოვითხოვთ კიდევაც პურის მწარმოებლებისაგან ამ ინფორმაციას, თუ, რა თქმა უნდა, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში კომპანიებისაგან მოწოდებულ დოკუმენტებში ეს ინფორმაცია არ არის მითითებული“, - განაცხადა ხადურმა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, მათი მიზანია, გამოიკვლიონ, ხომ არ აქვს ადგილი კონკურენციის შეზღუდვას, თუნდაც ეს ე.წ. ქეშ-ბექის არსებობით იყოს გამოწვეული, რამაც საბოლოოდ გამოიწვია პურზე ფასების ზრდა.

ინფორმაცია, რომ პურის რეალიზაციის სანაცვლოდ, ბრენდული მაღაზიები და ქსელური მარკეტები მწარმოებლებისაგან ქეშ-ბექის სახით, თანხას იღებენ, მედიაში გავრცელდა.
პურის ცხობის მეწარმეთა თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ Bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ხარჯი პურის ფასს ზრდის.

„ქსელური მარკეტები ითხოვენ ე.წ. ქეშ-ბექს ანუ პური რომ გაგაყიდინონ მარკეტებში, ისინი ითხოვენ გარკვეულ პროცენტებს. ადრე ეს იყო 5% პურის ღირებულების, ახლა კი, გაზარდეს და 12%-ია. ესაა ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც ძალიან მძიმეა, მაგრამ გეუბნებიან, რომ პურის ნავაჭრიდან 12% მათ უნდა წაიღონ; ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, პურზე გააკეთონ ფული და ეს დააწვა პურის ღირებულებას, ესაა მთელი უბედურება. არის კიდევ სავაჭრო აქტივობის კომპონენტი, საიდანაც 3-4 პროცენტი მიაქვთ“, - განმარტა დოლიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს ზოგიერთ მწარმოებელს.

როგორც Bm.ge-თან პურის მწარმოებელი კომპანია ,,იფქლი პირველის“ დირექტორმა ნოდარ მოსულიშვილმა განაცხადა, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ხერხია, რომელსაც საკუთარი მოგებიდან აფინანსებენ და პურის სარეალიზაციო ფასზე, მას გავლენა თითქმის არ აქვს.

,,ეს თემა რატომ დადგა დღის წესრიგში არ ვიცით, პურის ფასის 0,1%-იც კი არ იქნება ის ქეშ-ბექი, რაც შეიძლება მაღაზიას გადავუხადოთ. უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები და ვნანობთ კიდევაც. ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ, იმდენად გაიზარდა პურის ფასში სხვა კომპონენტების ღირებულება, ჩვენი მოგება აღარც რჩება; როდესაც ახალი ხელშეკრულებების დადების ეტაპი დადგება, შესაძლოა ,ქეშ-ბექის წილი შევამციროთ კიდევაც, არათუ გაიზარდოს. რატომ აიკვიატეს ეს თემა და რატომ წამოიწია წინ, მიკვირს“, - განაცხადა ნოდარ მოსულიშვილმა.