მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "ჯეოკეპი" საქართველოში პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს

5656ff962672b
BM.GE
26.11.15 16:43
3396
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა - კომპანია "ჯეოკეპი" პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ახლადგახსნილი საწარმო პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ იმპორტირებულ საქონელს მალე "ჯეოკეპ"-ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლებს.
 
"ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ამ მიზნით ჩვენ ავამოქმედეთ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დღეს გვაქვს 123 საწარმო დაფინანსებული. ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს, იმას, რომ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია უკვე შექმნილი და რომ ქართული წარმოება განვითარდება. მე ძალიან განვიცდი, როდესაც რეგიონებში ჩასული ვხედავდი გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 20-25 წლის წინ მუშაობდნენ. ასეთი მიტოვებული ქარხნების გაცოცხლება იყო ჩვენი ამოცანა. დღეს ვხედავთ ნათელ მაგალითს, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ერთ დროს მიტოვებული ქარხნის გაცოცხლება და გაპარტახებული საწარმოს გადაქცევა თანამედროვე, ევროპული ტიპის საწარმოდ. აქ არის ინვესტირებული 4 მილიონი ლარი. "ჯეოკეპს" შეუძლია არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ–მინისტრის თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა საინტერესო წამოწყებას, ახალი სამეწარმეო იდეების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია "ჯეოკეპს" უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა. დღეისთვის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან, ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვს შესრულებული. საწარმოს ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი აშშ დოლარია.