მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა "სივრცითი მოწყობისა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

5b4dfc03776a4
BM.GE
17.07.18 18:20
688
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები „სპორტის შესახებ", „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონებში და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ".

კანონპროექტი კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ გააცნო. მან კანონის მიღების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სპორტულ - გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება. ამისთვის უნდა მოხდეს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და სპორტული ტერიტორიების და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა და ამავე დროს მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, უნდა შეიცვალოს სპორტული და გამაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების მიმართ მიდგომა. აღნიშნული ობიექტები უნდა განიხილებოდეს სარეკრეაციო ტერიტორიებთან ერთად და წარმოადგენდნენ იმავე სტანდარტით დაცულ ტერიტორიებს როგორიც არის სარეკრეაციო ტერიტორიები.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა შესაბამისი არგუმენტაციიდან გამომდინარე მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით „მეორე მოსმენით განსახილველად შემოთავაზებული ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის პირველი მოსმენისას გამოთქმული მთელი რიგი შენიშვნები. კერძოდ, ვინაიდან, სპორტული ტერიტორია შეიძლება მოიცავდეს გარკვეული ტიპის და გაბარიტების ღია და დახურულ შენობა-ნაგებობებს სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის, თავისი ინფრასტრუქტურით, მიგვაჩნია, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნება, დამოუკიდებლად განისაზღვროს და განიმარტოს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის და უფრო მეტად გამკაცრდეს აღნიშნული ტერიტორიის დაცვის ნორმები. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტს ავალდებულებს აწარმოოს რეესტრი და აღრიცხოს მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული, მის ტერიტორიაზე არსებული ქონება - ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. ვფიქრობთ, რომ ცვლილების მიზანი ბუნდოვანია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება საერთოდ არ არის საჭირო, მაშინ როცა მუნიციპალიტეტი საკუთარი ქონების აღრიცხვას ისედაც აწარმოებს.

რადგანაც მეორე მოსმენა იყო, ჩვენ მუხლობრივად მოგაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები. რა თქმა უნდა, გაგრძელდება განხილვები და თუ თქვენ კონსულტაციების შემდეგ რაიმეს შეცვლით და ჩამოყალიბდებით, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მის შესახებ მსჯელობა. ამ ეტაპზე კი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარსადგენად მომზადებულად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.