მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა იზრდება

59771cc6c1afa
BM.GE
25.07.17 14:24
874
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 211.9 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 255.5 მლნ ლარით (3.4 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.5 მლნ ლარით (0.39 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.1 მლრდ ლარის (0.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით მეტი).

2017 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.01 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.70 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ივლისისათვის 16.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 463.8 მლნ ლარით ანუ 2.8 პროცენტით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 2.3 მლნ ლარით ანუ 0.03 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.7 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 461.4 მლნ ლარით, ანუ 6.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.7 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.46 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.86 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.7 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.7 პროცენტი შეადგინა.