მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

59bf763fbeb59
BM.GE
18.09.17 11:30
1457
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე კომერციული ბანკების აქციონერებისთვის არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვას ითხოვს. აღნიშნული ინიციატივით ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

"ის მოგეგები, რომელიც მათ აქვთ მიღებული დღევანდელ დღეს, ეს არ არის საბანკო საქმიანობიდან მიღებული მოგეგები, რადგან ბანკები ფლობდნენ არაპროფილურ საქმიანობას და სწორედ აქედან არის ეს მოგებები მიღებული. თუ მათ უნდათ ბანკირობა, იყვნენ ბანკირები, თუ სურთ მშენებლობა, იყვნენ მშენებლები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„მაგალითად, მე ბანკის 1%-იანი აქციონერი ვარ და მე მიკრძალავ სამშენებლო, სააფთიაქო, ან კომუნიკაციების ბიზნესში თანხის ჩადებას. ეს შეუძლებელია. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთი რამ, რომ კომერციულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს არაპროფილური საქმიანობის უფლება“, - განმარტა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას, როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, ეს საკითხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში გასათვალისწინებელი არ არის.

"ერთადერთი პრინციპული საკითხი, რაც დამატებით მუშაობას საჭიროებს, ეს არის ბანკის აქციონერების მიერ რეალურ სექტორში ინვესტიციების შესაძლებლობა-არ შესაძლებლობის საკითხი. ეს არ არის ამ კანონის სფერო და საჭიროებს დამატებით განხილვას როგორც მთავრობასთან, ისე შესაბამის სექტორებთან“, - აღნიშნა მან.

მიუხედავად ამ აზრთასხვადასხვაობისა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე კანონპროექტს განხილვის გასაგრძელებლად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ეროვნული ბანკი სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.