მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციულ ბანკებს ინფორმაციის გამჟღავნების ახალი მოთხოვნები დაუწესდებათ

5950ba3f7b1c8
BM.GE
26.06.17 11:37
1025
ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესი" დამტკიცდა.

აღნიშნული წესის მიზანია კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნებით საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ამაღლებისა და შედეგად, საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ეროვნული ბანკის ცნობით, მოცემული წესი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაციის გამოქვეყნებას ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მატერიალური საკითხების შესახებ.

უქმდება არსებული "კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარების გამჭვირვალობის წესი" და ახალი წესით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნება კვარტალური და წლიური პერიოდულობით მოითხოვება. ახალი ბრძანებით განსაზღვრული კვარტალური ანგარიშგება ანაცვლებს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების ამჟამინდელ ფორმას. ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) დაფუძნებული ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გარდა, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიშგება, რომელიც საზედამხედველო მაჩვენებლების რაოდენობრივი ინფორმაციასთან ერთად, მოიცავს ბანკის კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.