მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ცალსახად რთულია თქმა, რა იქნება საბანკო რეგულაციების გავლენა

5bcee7ddbde02
სალომე მეცხვარიშვილი
23.10.18 14:00
981
ცალსახად რთულია იმის თქმა, რა იქნება საბანკო რეგულაციების გავლენა ,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს. მისი თქმით, დაზუსტებით შესაძლებელია მხოლოდ იმის თქმა, რომ ტემპი, რაც სამომხმარებლო სესხების ზრდის მიმართულებით გვაქვს, მომავალში ვერ იქნება მდგრადი, ამიტომ ცვლილებები ამ მიმართულებით საჭიროა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის გათვლით, საბანკო რეგულაციები წლიურ ჭრილში ეკონომიკურ ზრდას 0,6%-ის ნაცვლად 0,8%-მდე შეამცირებს. კითხვაზე, რატომ შეცვალა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების გავლენის შეფასება, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ცვლილება განაპირობა ერთი მხრივ, ბაზრის მოთამაშეების შეფასებებმა ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი ისეთმა ახალმა გარემოებებმა, როგორიცაა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, 200 ათას ლარამდე სესხების ლარში გაცემის ვალდებულება და ა.შ.

“ფიზიკური პირების საცალო პროდუქტების დაფინანსების დებულება არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ფიზიკურმა პირებმა მოახერხონ და აიღონ სესხი ისე, რომ მათ არ შეექმნათ პრობლემები სესხის გადახდაში, რადგანაც გაზრდილია ხელმისაწვდომობა რესურსებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრინციპი იყოს დაცული.
რაც შეეხება ამ დებულებას, მასში ავსახეთ ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით. ბევრი ქვეყნის წინაშე დგას ეს საკითხი, რომ დაარეგულიროს ეს მიმართულება.

დებულება გამოქვეყნებული იყო და ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო გამოეგზავნა კომენტარები. იყო თავდაპირველი შეფასება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მივიღეთ კომენტარები, მაქსიმალურად ვეცადეთ, აგვესახა ის მოსაზრებები, რომლებიც ბაზრის მოთამაშეებს ჰქონდათ.

რაც შეეხება შეფასებებს, ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმ ბოლო ინფორმაციას, რომელიც ბაზარზე გვაქვს. ცალსახად რთულია იმის თქმა, რა იქნება გავლენა. მაგრამ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ის ტემპი, რაც სამომხმარებლო სესხების ზრდის მიმართულებით გვაქვს, მომავალში ვერ იქნება მდგრადი და ჩვენ გვინდა, რომ აუცილებლად გაგრძელდეს პორტფელის ზრდა, თუმცა და ეს იყოს ჯანსაღი პორტფელი, რათა მომხმარებელმა შეძლოს სესხების თავისუფლად მომსახურება და მომავალში არ შეექმნას საფრთხე ფინანსურ სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში ის დადებითი, რასაც მოიტანს ეს რეგულაცია ნამდვილად გადაწონის იმას, რაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ჰქონდეს“,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

შეგახსენებთ, ამ დრომდე როგორც სებ-ი, ისე მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის ამოქმედების გავლენა ეკონომიკის ზრდის ტემპზე, დაახლოებით, 0.6%-ის ფარგლებში იქნებოდა. ბანკების ასოციაციის პროგნოზით, კი რეგულაცია ეკონომიკის ზრდას 3%-ით შეამცირებს. ახალი რეგულაციები ძალაში პირველი ნოემბრიდან შედის, რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხები აღარ გაიცემა. ამასთან, დგინდება ზღვარი შემოსავლიდან რა ოდენობის თანხა შეიძლება იყოს მიმართული სესხის უზრუნველსაყოფად.