მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავარაუდოდ სავალდებულო იქნება

597747b558916
ელენე გოგბერაშვილი
25.07.17 17:27
1847
საპენსიო რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, კერძო დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს არსებული პროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანის გაკეთება როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის სავარაუდოდ სავალდებულო იქნება.

აღნიშნული ცვლილების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციამ დაახლოებით 2 კვირის წინ ეკონომიკის სამინისტროსა და ასოციაციებს შორის შეხვედრაზე შეიტყო.

დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ კორძახია საპენსიო რეფორმის დღეს არსებული მოდელით განხორცელების წინააღმდეგია. მისი თქმით, დამსაქმებელები ვერ ხედავენ მოტივაციას, რატომ უნდა ჩაერთონ აღნიშნულ რეფორმაში, რისი შედეგიც კერძო სექტორისთვის მხოლოდ ხარჯების ზრდა იქნება.

"ის, რაც თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავდება ისაა, რომ 40 წლამდე მოსახლეობისთვის ხდება სავალდბულო საპენსიო სქემაში მონაწილეობა. აქ არის არგუმენტი მათი მხრიდან, რომ ნებაყოფლობითობა შეიძლება არ იყოს გარანტია იმისა, რომ ეფექტური იქნება ეს სქემა, ვინაიდან საქართველოში ზოგადად საპენსიო სქემასთან დაკავშირებით არის დაბალი ინფორმაციულობა. ჩვენ ვთვლით, რომ სქემა უნდა იყოს იმგვარი, რომ დაინტერესებული მხარე მართლაც იყოს დაინტერესებული და მისი კონტრიბუცია და ჩართულობა, თუნდაც ფინანსური თვალსაზღოსით,იყოს მისადმი სასიკეთოდ აღსაქმელი და არა ძალდატანებითი და მავალდებულებელი მხოლოდ, ნებისმიერი მოტივების გარეშე", - აცხადებს მიხეილ კორძახია "საქმის კურსთან".

ნარჩუნდება 2%+2%+2% პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა გადანაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და სახელმწიფოს შორის, რაც საბოლოო ჯამში 6%-ს უტოლდება. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ნოემბერში გადაეგზავნება. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება კი 2018 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.