მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე თბილისის მთავრობას მადლობას უხდის და მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს

5c3ee3ef52e83
თელარა გელანტია
16.01.19 11:56
708
მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გასული წლის შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა.

„2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით, 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხით, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

„2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს - ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს. მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი - თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.