მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯვრის ტაძრის წინამძღვარი ბრალდებებს პასუხობს და მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

5c3f476d65ae4
დათო ჯალაღონია
16.01.19 19:01
868
ჯვრის ტაძრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის განცხადებით, ბრალდება, რომ მას სურს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების განთავსება, სიცრუეა.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერში“ისაუბრა.

„21 წელია აქ ვარ, ეგ რომ მდომოდა, ვერ გავაკეთებდით? ათჯერ უკეთეს შენობა–ნაგებობებს გავაკეთებდით, სადაც იქნებოდა ყველაფერი კაპიტალურად. როდესაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, თქვენი პასუხი იქნება, რომ დაკეტილია ტაძარი. მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა, იცის მცხეთის მერმა. რატომ მიგვიყვანეს მაგ ზომამდე? მიღებული ფორმით ვითხოვდით ორი წელი, რომ ეს გაეკეთებინათ. მცხეთის მერი კაპანაძე ამბობს, რომ მაბრალებენეო. კი არ ვაბრალებთ, უმოქმედობას ვაბრალებთ. კი არ ვაბრალებთ, ეგრეც არის“, – განაცხადა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.

ტელეკომპანიის ცნობით, წინამძღვარი ხელისუფლებისგან ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვდა, რისთვისაც იგი იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა, თუმცა ეს პრობლემა მაინც არ მოგვარდა.

„ვიყავით კვირიკაშვილთან, რომელმაც დაურეკა ზურაბ ალავიძეს (ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი), რომ ეს პრობლემაა ჯვრის მონასტერთან, რაღაც უნდა ვიღონოთ, გავაკეთოთ, რომ მოწესრიგდესო, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა“, – აღნიშნა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.

მან ასევე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტაძრის დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ საპატრიარქო თავდაპირველად არ გააფრთხილა.

კითხვას - ორშაბათს გარევაჭრობის განახლების შემთხვევაში, ისევ დაკეტავს თუ არა ტაძარს, წინამძღვარი პირდაპირ არ პასუხობს.

„არ უნდა განმეორდეს, იმიტომ რომ კანონი უნდა შეასრულონ. კანონით არის აკრძალული“, – განაცხადა იღუმენმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა, თუმცა ადგილზე გარემოვაჭრეები არ იმყოფებიან. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, იგი სწორედ ტაძრის წინამძღვრის ნებას ელოდება, რომ მერიის მიერ გარევაჭრობისთვის შეძენილი ჯიხურები ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს.

რაც შეეხება კანონს, როგორც ადგილობრივი საკრებულის მიერ დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების წესში“ წერია, „ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა ნებადართულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებულ ადგილებზე (სავაჭრო ჯიხურებში)“.