მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა: მოემზადეთ ციფრული ეპოქისთვის

5a2c2a911c3b5
BM.GE
10.12.17 15:00
3641
Alibaba-ს ხელმძღვანელი ჯეკ მა დარწმუნებულია, რომ ჩინეთი მსოფლიოს შრომის ბაზარზე დადებით გავლენას ახდენს. მისი თქმით, ბევრი უცხოური კომპანია ჩინეთში წარმატებით მოღვაწეობს, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური კომპანიებისთვის ნაკლებად იღბლიანია.

მსოფლიოს რიგით მეოთხე ინტერნეტ კონფერენციაზე ჩინელმა მილიარდერმა უცხოურ ბაზრებზე ბიზნესის განვითარების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. სამიტი 3 დეკემბერს ჩინეთში გაიხსნა და წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ციფრული ეკონომიკა იყო.

კომპანია Alibaba-ს დამფუძნებლის განცხადებით, მისი ბიზნესის განვითარება პირველ ეტაპზე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და მის კომპანიას მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ დანაკარგები მოჰქონდა. ახლა კი ჩინური ინტერნეტ-გიგანტის Alibaba-ს კაპიტალი 430 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და ჯეკ მა ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება.

"მე ჯერ კიდევ ათი წლის წინ Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს ვურჩიე, რომ თუ ბიზნესის სხვა ქვეყანაში განვითარება სურდა, მეწარმეობის სულისკვეთების მქონე ადამიანები დაესაქმებინა და არა მხოლოდ კარგი მენეჯერები. ასევე მზად ყოფილიყო სირთულეებისთვის და დაეცვა წესები", - აღნიშნა ჯეკ მამ.

ჩინელი მილიარდერი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული კორპორაციები ჩინეთში წარმატებას ვერ მიაღწევენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ფორუმზე Microsoft-ის და Coca-Cola-ს მაგალითები მოიყვან.

"დამისახელეთ თუნდაც ხუთი ჩინური კომპანია, რომელმაც ამერიკაში ისეთ წარმატებას მიაღწია, როგორც Microsoft-მა და Coca-Cola-მ ჩინურ ბაზარზე", - ამბობს Alibaba-ს ხელმძღვანელი.

თუმცა, ანალიტიკოსები ასეთ შედარებას არასწორად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამერიკული კომპანიები მრავალის წლის განმავლობაში იბრძოდნენ ჩინურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ხოლო ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო სხვა ქვეყნებში საკუთარი ბიზნესის განვითარება.

ჯეკ მა არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, თითქოს ჩინელები ამერიკელებს სამუშაო ადგილებში ეცილებიან, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა. მას პირიქით მიაჩნია, რომ ჩინეთი ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ცოტა ხნის წინ იგი ტრამპს დაპირდა კიდეც, რომ მის ინტერნეტ პლატფორმაზე სავაჭროდ 1 მილიონ ამერიკულ მცირე საწარმოს მოიზიდავს.

ფორუმზე გამოსვლისას, მამ ასევე საზოგადოებას ციფრული ეპოქისთვის მომზადებისკენ მოუწოდა, რომელიც მისი თქმით, 30 წელში დადგება. მისი განმარტებით, 2047 წლისთვის ინტერნეტი “შემოქმედებითი ძალა” გახდება და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.