არსებული ზრდა Amazon-ის აქციების ფასის მატებამ გამოიწვია. კომპანიის აქციების ფასი მხოლოდ 2018 წელს 60%-ითაა გაზრდილი. ამჟამად Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $890 მილიარდია, დაახლოებით იმდენი, რამდენიც Apple-ის ($935 მლრდ). უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს “ბრძოლა“ 1 ტრილიონ დოლარიანი კომპანიის სტატუსის მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანია Amazon გახდება, ჯეფ ბეზოსის ქონება არც მეტი არც ნაკლები, $175 მილიარდს მიაღწევს.
საინტერესოა, როგორ მიაღწია პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა წარმატებას.
ბეზოსი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ტექნოლოგიებით, მისი თქმით, ავტოფარეხში თამაშისას, ფაქტობრივად, “მეცნიერულ კვლევებს“ აწარმოებდა. ნიშანდობლივია, რომ Amazon-ის ისტორიაც ავტოფარეხიდან იწყება. მანამდე ჯეფი რამდენიმე სერიოზულ კომპანიაში მუშაობდა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, თუმცა საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი მუდამ აწუხებდა. პირველი ინვესტიცია, $300,000 დოლარი მშობლებისგან მიიღო. დანარჩენი კი საკუთარი სახსრებით მოიძია. პარალელურად ის ინვესტორებს აფრთხილებდა, რომ არსებობდა 70%-იანი საფრთხე, რომ კომპანია გაკოტრდებოდა და ბიზნესი არ გაამართლებდა. თუმცა, მოხდა საპირისპირო და დღეს Amazon ელექტრონული ვაჭრობის გიგანტია.