მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

5b4dc6e9c2bf4
ლევან თაღიაშვილი
17.07.18 15:25
1166
ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის “თანამდებობას“ უკვე რამდენიმე თვეა იკავებს. თუმცა, როგორც ჩანს, ის გაჩერებას არ აპირებს. 17 ივლისის მონაცემებით, Amazon.com-ის დამფუძნებელმა თანამედროვე ისტორიის ახალი რეკორდი დაამყარა და მისმა ქონებამ $150 მილიარდს მიაღწია. ამჟამად ამერიკელი მილიარდერის აქტივები უფრო მეტს შეადგენს, ვიდრე ბილ გეითსის და ლარი პეიჯის ერთად აღებული ქონება.

არსებული ზრდა Amazon-ის აქციების ფასის მატებამ გამოიწვია. კომპანიის აქციების ფასი მხოლოდ 2018 წელს 60%-ითაა გაზრდილი. ამჟამად Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $890 მილიარდია, დაახლოებით იმდენი, რამდენიც Apple-ის ($935 მლრდ). უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს “ბრძოლა“ 1 ტრილიონ დოლარიანი კომპანიის სტატუსის მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანია Amazon გახდება, ჯეფ ბეზოსის ქონება არც მეტი არც ნაკლები, $175 მილიარდს მიაღწევს.

საინტერესოა, როგორ მიაღწია პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა წარმატებას.

ბეზოსი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ტექნოლოგიებით, მისი თქმით, ავტოფარეხში თამაშისას, ფაქტობრივად, “მეცნიერულ კვლევებს“ აწარმოებდა. ნიშანდობლივია, რომ Amazon-ის ისტორიაც ავტოფარეხიდან იწყება. მანამდე ჯეფი რამდენიმე სერიოზულ კომპანიაში მუშაობდა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებით, თუმცა საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი მუდამ აწუხებდა. პირველი ინვესტიცია, $300,000 დოლარი მშობლებისგან მიიღო. დანარჩენი კი საკუთარი სახსრებით მოიძია. პარალელურად ის ინვესტორებს აფრთხილებდა, რომ არსებობდა 70%-იანი საფრთხე, რომ კომპანია გაკოტრდებოდა და ბიზნესი არ გაამართლებდა. თუმცა, მოხდა საპირისპირო და დღეს Amazon ელექტრონული ვაჭრობის გიგანტია.