მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიის ეკონომიკური პოლიტიკა

5b0d0be1726b9
ანუკა ჯოხაძე, მარიამ ადამია
29.05.18 12:08
4373
2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 26.3%-ით გაიზარდა. მსგავსი მაჩვენებელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. როგორც ანალიტიკოსები ამბობდნენ, ქვეყნის ეკონომიკის მსგავსი ზრდა მრეწველობის სექტორის 87%-იანმა ზრდამ განაპირობა. ამასთან, ამავე წელს 34,4%-ით გაიზარდა ირლანდიური პროდუქციის ექსპორტიც.

1973 წელს ირლანდია ევროკავშირს შეუერთდა. ამ დროს ის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლებოდა. 2017 წელს ირლანდიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 1 სულ მოსახლეზე 72 ათას 600 ამერიკულ დოლარს მიაღწია. ირლანდია ევროკავშირისგან მიღებულ ტრანსფერებს ინვესტიციების გასაზრდელად იყენებდა, რომლებიც ძირითადად განათლებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ იყო მიმართული. საინტერესოა ის, რომ ევროკავშირისგან ტრასნფერებს იმავე პერიოდში საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთიც იღებდნენ, თუმცა, მათგან ვერცერთმა მიაღწია ირლანდიის მსგავს ნახტომს, რასაც ექსპერტები ირლანდიის ევროპის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობასა და შრომის თავისუფალ მიგრაციაში ჩართვას უკავშირებენ.

ირლანდიისთვის ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი 1987-2007 წლები აღმოჩნდა. ამ 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ 6,5%-ით იზრდებოდა. საბოლოოდ, საშუალოშემოსავლიანი ქვეყანა 2017 წელს უმდიდრესი ქვეყნების ათეულში შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ირლანდია ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა.

ირლანდიის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციებმა, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნამ და გლობალიზაციის დონის ამაღლებამ განაპირობა. ასევე მნიშვნელობანი იყო მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხარჯებისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირება დაიწყო.

ირლანდიის ეკონომიკური პოლიტიკის მეორე ელემენტად ხელფასების ზომიერი ზრდა და საშემოსავლო გადასახადების კლება სახელდება, რომლის დახმარებითაც, ქვეყანამ ხელფასების ინფლაციურ ზრდას დააღწია თავი. ექსპერტები ასევე განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ტექნოლოგიურ წინსვლასაც ასახელებენ. Microsoft, Facebook, Twitter და Linkedin – ეს ის კომპანიებია, რომელთაც ევროპული შტაბ–ბინები ირლანდიაში განათავსეს. შედეგად, 2016 წელის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ ქვეყნის მთლიანი შიდა პრდუქტის მიმართ 27%-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ჰონგკონგს ჩამორჩა.

2008-2009 წლების მსოფლიო კრიზისის დროს ირლანდიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. თუმცა "კელტურმა ვეფხვმა" მოახერხა დაეძლია ეს კრიზისული მდგომარეობა და 2014 წელს ევროპის, ხოლო 2015 წელს მსოფლიოს ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონდე ქვეყნად მოგვევლინა. რაც შეეხება 2017 წელს, ირლანდიის ეკონომიკა თითქმის დაეწია ყველაზე განვითარებად სამყაროს ეკონომიკებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,8% შეადგინა, რაც დანარჩენ ევროპაზე სამჯერ მეტია.