მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირინა მილორავა: განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა უნდა მოხდეს

5b5367315215e
თათია ჩაფიჩაძე
21.07.18 20:16
1501

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განახლებად ენერგიას ხელი უნდა შეეწყოს. ირინა მილორავა „ბიზნეს ლანჩთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დერეგულირებულ ბაზარზე არსებული არაპროგნოზირებადი ფასების გათვალისწინებით, აუცილებელია, ინვესტორს გარკვეული წახალისების მექანიზმები გააჩნდეს.

„მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ ვართ არაბული ქვეყანა, ინვესტორებმა დაიწყეს მზის ენერგიის შესწავლაც და მისი აქტიურად გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასებაც. რა თქმა უნდა წესები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ამ განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა მოხდეს. დღეს რა სტრუქტურაც გვაქვს გენერაციის, პრაქტიკულად 80% არის ჰიდროგენერაცია, შესაბამისად ის ბაზარი რაც არსებობს მორგებულია არსებულ რეალობას, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი.

უნდა ვიფიქროთ, განსხვავებულ წამახალისებელ მექანიზმებზე. იმაზე, რაც არსებობს მთელს მსოფლიოში. ეს არის ე.წ. შეღავათიანი ტარიფები, საინვესტიციო შეღავათები და ასევე არის, ე.წ. მწვანე სერთიფიკატები. ჩვენ გვაქვს რეგულირებული ბაზარი და ახლა აქედან გადავდივართ დერეგულირებად ბაზარზე. აქ უკვე ერთმანეთს ეკონტაქტება გენერაციის ობიექტი და საბითუმო მიმწოდებელი და ფასს განსაზღვრავს არა მარეგულირებელი, არამედ მათ შორის არსებული მოლაპარაკებები. დერეგულირებულ ბაზარზე მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც, ფასი შეიძლება იყოს ნეგატიური, ამიტომ უნდა გააჩნდეს ინვესტორს გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები.“ - განაცხადა მილორავამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული გაურკვევლობა წლის ბოლომდე აღმოიფხვრება.