მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ხმალაძე "ხუდონჰესისთვის" მოსახლეობის მიწების გამოსყიდვაზე: ორმაგი კომპენსირება არ მოხდება და კომპენსაციის გარეშეც არავინ დარჩება

58f91a9c01a51
დავით ჯალაღონია
21.04.17 10:10
1696
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებისთვის მოსახლეობასთან კონსულტაცია „იმ ფორმატში მოხდება, რასაც პროექტის განვითარების ეტაპზე სახელმწიფო ითვალისწინებს“.

„ადგილობრივებთან კონსულტაცია მუდმივად გვაქვს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც პროექტებს ვახორციელებთ. სვანეთის მოსახლეობასთან შეხება გვაქვს, რადგან „ნენსკა ჰესის“ პროექტს ვახორციელებთ. ახლა რომ გითხრათ, „ტრანს ელექტრიკასთან“ მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან კონსულტაციებით ვმართავთ, მოგატყუებთ. ასე ნამდვილად არ არის. ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა“, - განმარტა ხმალაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვის პროცესს, როგორც ხმალაძემ აცხადებს, თავად „ტრანს ელექტრიკას“ მიერ მიწების გამოსყიდვა არ მომხდარა.

„ვისაც კომპენსაცია მიღებული აქვს, ის ხელახლა ვეღარ მიიღებს, ვისაც არ აქვს - სამომავლოდ. ორმაგი კომპენსირება არ მოხდება და კომპენსაციის გარეშეც არავინ დარჩება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გასულ წლებში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, რაც პროექტის მიმდინარეობის პროცესში ამ დრომდე ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო.