მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკურ სესხში 40%-ის თანამონაწილეობის შემთხვევაში, შემოსავლების დადასტურება საჭირო არ იქნება

5c0a8e63a8a4d
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.18 11:00
1256
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდე ძნელაძემ BM.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებთან დაკავშირებით, კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს განაგრძობენ.  ძნელაძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შეთანხმება მიღწეულია არის იპოთეკურ სესხებში ფიზიკური პირის მიერ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შემოსავლების დადასტურების მოთხოვნის გაუქმება. კონკრეტულად კი თუ მოქალაქე განახორციელებს 40%-იან პირველად გადახდას, ის სესხის დარჩენილ 60%-ს მიიღებს ისე, რომ მას შემოსავლების დადასტურება არ მოეთხოვება.

"იპოთეკურ სესხში, როდესაც უძრავი ქონების შეძენა ხდება, თუ მსესხებლის თანამონაწილეობა არის 40%, მას აღარ მოეთხოვება შემოსავლების დადასტურება. 
ეს ცვლილება შევიდა,"- ამბობს ძნელაძე.

ამასთანავე, განიხილება შესაძლებლობა რომ მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც თვეში 4000 ლარს აღემატება, იპოთეკურ სესხებში მიეცეთ უფლება, რომ სესხის მომსახურებისთვის შემოსავლის 50% გადაიხადონ. ეროვნული ბანკის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით, ამ შემოსავლის მოქალაქეებს სესხის უზრუნველყოფისთვის მაქსიმუმ 30%-ის გადახდა შეეძლოთ. 

"თუ მსესხებლის შემოსავალი აღემატება 4000 ლარს, მას იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის 50%-ის გადახდის უფლება ექნება,"- ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილება მიზნად ქვეყანაში ჭარბვალიანობის შემცირებას ისახავს. ამ რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ, შემოსავლების დადასტურების გარეშე მნიშვნელოვნად შეიზღუდება სესხების გაცემა. ამავდროულად, მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით დგინდება სპეციალური სასესხო კოეფიციენტები, ბანკებს ეკრძალებათ გასცენ იმაზე დიდი მოცულობის სესხი, ვიდრე ამას შემოსავლების კოეფიციენტები ითვალისწინებს.