მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭო: "ეს ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტი და ძალიან ცუდი სიგნალი იქნება"

5bc21fb4aa80b
თელარა გელანტია
14.10.18 10:25
1614
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონ-პროექტში გამონაკლისების დაშვების საკითხი ინვესტორთა საბჭოს კრიტიკას იმსახურებს.

ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა bm.ge-ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორთა საბჭოს პოზიციის დაფიქსირებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ 1 ოქტომბერს გამართულ ინვესტორთა საბჭოს მეცხრე სხდომაზე, სწორედ მიწის შესახებ კანონ-პროექტი იყო მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი საგანი.

შეგახსენებთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის პროექტი, რომელსაც პარლამენტის აგრარულ-საკითხთა კომიტეტი წერს, ამ დრომდე არაა საჯარო.

დოკუმენტი ოთარ დანელიას კაბინეტს, ჯერ-ჯერობით, ფართოდ არ გასცდენია, რის გამოც რამდენიმე თვის წინ გარკვეული პრეტენზიები ინვესტორთა საბჭოსაც ჰქონდა.

საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინდელ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა დოკუმენტის გაცნობა.

როგორც მეღვინეთუხუცესი აცხადებს, ინვესტორთა საბჭოს კანონპროექტთან დაკავშირებით ორი ძირითადი რეკომენდაცია აქვს, რაც მათ ყველაზე კრიტიკულად ეჩვენებათ.

„ყველაზე კრიტიკული არის ორი საკითხი - საუბარია გამონაკლისების დაშვებაზე; ჩვენი აზრით და ჩვენი რეკომენდაციებით, გამონაკლისები უცხოელებისთვის ან უცხოური კომპანიებისთვის, აბსოლუტურად გამჭვირვალე კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ინვესტორებმა იცოდნენ, რას ელოდებიან და გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია კორუფციაზე და ა.შ. და ეს, რა თქმა უნდა ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს; მეორე საკითხია, ასევე, სპეკულაციები რეტროაქტიურობასთან (უკუქმედების ძალა) დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია, რაიმე ტიპის რეტროაქტიურობის დატოვება კანონში, რადგან ეს ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტი და ძალიან ცუდი სიგნალი იქნება“, - განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.