მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები მარკ ცუკერბერგის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

5bc86cd00bf8f
ლევან თაღიაშვილი
18.10.18 17:30
813
გუშინ რამდენიმე საინვესტიციო ფონდმა, რომლებიც ფლობენ გარკვეული რაოდენობის აქციებს კომპანია Facebook-ში, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ისინი მარკ ცუკერბერგის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამის მიზეზი ბოლო დროინდელი სკანდალებია, რომელმაც კომპანიის იმიჯი და ასევე ფინანსური მხარე საკმაოდ დააზარალა. ბოლო 1 თვეში მისი 1 აქციის ფასი 10 დოლარითაა შემცირებული, 6 თვეში კი კლება თითქმის 60 დოლარს უტოლდება.

ბოლო პერიოდში Facebook-ს რამდენიმე სერიოზულ სკანდალთან მოუხდა გამკლავება, მათ შორისაა : რუსეთის შესაძლო ზემოქმედების მოხდენა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე Facebook-ის მეშვეობით, 87 მილიონი ადამიანის პერსონალური მონაცემების გაცემა Cambridge Analytica-ზე, ინფორმაციის გაცემა სხვადასხვა მწარმოებელზე, მათ შორის Huawei-ზე, რომლის რეალიზაციაც აკრძალულია აშშ-ში, ე.წ Fake News-ის რაოდენობის ზრდა, დეპრესია და სხვადასხვა მენტალური პრობლემები, რომელიც შესაძლოა Facebook-ის მოხმარებისგან იყოს გამოწვეული და ა.შ. 

მიუხედავად მათი განცხადებისა, თუ ამის სურვილი თავად ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს არ გაუჩნდა, ამის განხორციელება ნაკლებად მოსალოდნელია. კომპანიას განსაკუთრებული სტრუქტურა აქვს, რომლის მიხედვითაც, მარკ ცუკერბერგის აქციები მის დამფუძნებელს უფლებას აძლევს 10-ჯერ უფრო მეტი ხმა ჰქონდეს საბჭოზე ვიდრე სხვა აქციონერებს, შესაბამისად ის ფლობს 60%-ს არა აქციების, არამედ ე.წ Voting Power-ის, შესაბამისად მისი პოსტიდან გადაყენება ნაკლებად მოსალოდნელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივლისში ცუკერბერგმა შემდეგი განცხადება გააკეთა : "მე სპეციალური პლატფორმა შევქმენი, რომლის მიხედვითაც თუ ვინმე ამ სკანდალების გამო გათავისუფლდება სამსახურიდან, ეს მხოლოდ მე ვიქნები".

შეგახსენებთ, რომ კომპანია ცუკერბერგმა 2004 წელს შექმნა და დღემდე მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.