მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების შესახებ შენიშვნებს პასუხობს

5bc715fb38475
დავით ჯალაღონია
17.10.18 15:10
1030
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის ათვისება, რაც წლის ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტშია დაერჩენილი, განმახორციელებელი კომპანიების შერჩევის პროცესზეა დამოკიდებულია.

„ამჟამად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ტენდერები შედგა, ახლა შერჩევა-შეფასების პროცედურა მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება შერჩევა–შეფასება და რამდენად მზად აღმოჩნდებიან ის კომპანიები წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, რომ იქნან აღიარებულნი გამარჯვებულად არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ, ვნახავთ, რამდენად შედგება ეს სამივე კონტრაქტი. ამ სამი მონაკვეთის დასრულება გათვალისწინებულია წლის ბოლომდე. მოსალოდნელია, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ“, – განმარტა ცქიტიშვილმა.

ამავე საკითხზე განმარტება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.

„მე მიჭირს იმ შეფერხებაზე ვისაუბრო, რაზეც განცხადება იყო გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ რიკოთთან დაკავშირებულ ტენდერებს, ამ შემთხვევაში ყველა პროცედურა, დაწყებული საპროექტო გადაწყვეტის, პროექტის დასრულების, შესაბამისი კვლევების, ექსპერტიზების, გამოცხადების, ასევე იმ პერიოდის გათვალისწინებით, რაც ამ შემთხვევაში ეძლევა მონაწილეებს იმისთვის, რომ თავიანთი შემოთავაზებები გააკეთონ, ეს ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად დაცულია“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხების ათვისება ვერ მოხერხდა, განსაზღვრული ბიუჯეტი მომდევნო წლებში დაიხარჯება.

„ინფრასტრუქტურულ პროექტებში ათვისების ტენდენცია არ იყო იმდენად მზარდი, როგორც თუნდაც გასულ წელს. გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ათვისების ტემპები. წელს ათვისებასთან დაკავშირებით არის რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად შეცვლის ათვისების მაჩვენებელს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – რიკოთიდან ზესტაფონის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობის გარკვეული მონაკვეთები, ასევე, გუდაურის მიმართულებით ახალი გვირაბისა და გზის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც დაახლოებით 300 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ამ პროექტებზე ჯამურად წელს შესაძლოა, დაახლოებით 600 მილიონი ლარი დაიხარჯოს.