მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიას ტბაზე, "მუსიკალურ კუნძულზე" სახლები 150-200 ათასი ევრო ეღირება

5c1a59639d981
მაია ბიწაძე
19.12.18 20:23
7257
,,მუსიკალური კუნძული“, რომელსაც კომპანია ,,ფერუს ჯორჯია“ კახეთში, ილიას ტბაზე აშენებს, მომავალ ზაფხულს გაიხსნება.

ამის შესახებ Bm.ge-ის ბიზნესმენმა გია პირადაშვილმა განუცხადა, რომელიც ,,შატო მერესა“ და ,,როიალ ბატონის“ დამფუძნებელია.

მისივე განმარტებით, ,,მუსიკალური კუნძულის“ მმართველი ,,როიალ ბატონი“ იქნება.

„ამჟამად, უკვე დასრულებულია ექვსი სახლის მშენებლობა და ზაფხულამდე კიდევ ექვსი დაემატება. ეს არის ეკო სახლები, რომლებიც პირდაპირ ტბაზე შენდება; უკვე აშენებულია საკონცერტო კუნძული, სადაც სხვადასხვა ივენთები მოეწყობა. თითოეული სახლი, როგორც ინფორმაციას ვფლობ, 150-200 ათასი ევრო ეღირება. მათი ყიდვით ძირითადად უცხოელები ინტერესდებიან.

,,როიალ ბატონი“ უზრუნველყოფს ამ სახლების და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაქირავებას. ჩვენ ვიქნებით მისი მომსახურე კომპანია და ვამუშავებთ მას, როგორც სასტუმროს, რესტორანს და საკონცერტო კუნძულს. სავარაუდოდ, ივნისი-ივლისის თვეებში ეს ინფრასტრუქტურა სრულყოფილი იქნება და ექსპლუატაციაში შევა”, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "ფერუს ჯორჯია" ლატვიელების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც წყალქვეშა მიწა აუქციონზე შეიძინა და დაიწყო მისი განვითარება. ეს არის მცირე მონაკვეთი - 6 ათას კვადრატულ მეტრზეა საუბარი.

"ფერუს ჯორჯიამ“ პროექტის პირველ ეტაპზე 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განახორციელა.

"ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ამ პატარა ფართობისთვის; ადგილზე ძალიან მაღალტექნოლოგიური სახლები შენდება. ეს არის ნატურალური ხისგან დამზადებული კონსტრუქციები; თითოეული მათგანი 1,5 კილოვატ/საათ ელექტრო ენერგიას მოიხმარს; მინები და ფანჯრები ლონდონიდან ჩამოაქვთ, მისი ფანჯრები თბო მშთანთქმავია ანუ ეს არის ძალიან ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა სახლები, რომელსაც მხოლოდ ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში შეხვდებით.

ლატვიური კომპანია Ferrus სწორედ ეკო მიმართულებით მუშაობს, ეს ევროპული კომპანიაა, რომელიც დაკავებულია ელექტრომობილებისა და ელექტრო მიკროავტობუსების წარმოებით“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.