მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია წულაია: მშენებლობებში დეფექტების დაზღვევა ბინებს მიზერულად გააძვირებს

5978b78b5596f
დავით ჯალაღონია
26.07.17 19:37
884
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ილია წულაია მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ სახლებში ტექნიკური ხარვეზების დაზღვევა, რამაც შენობა შეიძლება უვარგისი გახადოს, სამშენებლო სექტორში ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

როგორც წულაიამ „საქმის კურსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ დეტალურად რა შინაარსის იქნება სადაზღვევო მექანიზმი.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და ამაზე პასუხისმგებლობა მშენებელს უნდა დაეკისროს და რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. მშენებლობაზე კონტროლის გამკაცრება და მოთხოვნების რეალიზება იმას გამოიწვევს, რომ მშენებლობა უფრო ხარისხიანი იქნება და წლების განმავლობაში დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მომხმარებლებს სჭირდებათ. ეს არსებითად არ გააძვირებს მშენებლობას. ეს მიზერული გაძვირება იქნება“, - განაცხადა წულაიამ.

აღნიშნულ სადაზღვევო ვალდებულებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონპროექტზე ამ ეტაპზე მუშაობს და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე პარლამენტს გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ დეველოპერებისთვის ამ ახალი ვალდებულებების შესახებ მედიისთვის დაახლოებით ორი კვირის წინ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძისგან გახდა ცნობილი. მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ამ ეტაპზე იწერება და პარლამენტს სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლომდე გადაეგზავნება.