მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევმა მთავრობას ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება დაავალა

569ddd248f85e
BM.GE
19.01.16 10:36
1567
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობას ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება დაავალა, რომელიც მათ შორის გაითვალისწინებს სავალუტო ბაზრის რეგულირების გაძლიერებას, ბანკების დახმარებას და სახელმწიფო აქტივების გაყიდვას, განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ გუშინ. გასული წლის დეკემბერში, აზერბაიჯანმა ეროვნული ვალუტის, მანათის მცურავ კურსზე გადასვლა გადაწყვიტა, მსოფლიოში ნავთობის გაუფასურების და მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ბოლო თვეში მანათმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 33% დაკარგა, ქვეყანამ კი სავალუტო რეზერვების ნახევრაზე მეტი.

მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშაბათს პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც განიხილავენ მთავრობის წინადადებებს სავალუტო ბაზრის რეგულირების გაძლიერების შესახებ. ზუსტად როგორ გამკაცრდება რეგულირება, ჯერ ცნობილი არ არის. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ პრივატიზაციის მასშტაბური გეგმა მოამზადა, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილება წინადადება პრობლემური ბანკების აღდგენის შესახებ, ხოლო დეპოზიტების დაზღვევა და სახელმწიფო ობლიგაციების ემისია კი ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ფონდმა, SOFAZ-მა გუშინ განაცხადა, რომ დასუსტებული მანათის მხარდასაჭერად $193.9 მლნ გაყიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა კი 2017 წელს დასაფარი $500 მლნ-ის ობლიგაციების მფლობელებს მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა შესთავაზა.