მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაარღვია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება

597996e8e8d9d
BM.GE
27.07.17 11:29
841
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2015 წლის მარტიდან აწარმოებდა სასამართლო დავას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა 2014 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია. დავა წარმოებდა თავდაპირველად თბილისის საქალაქო, შემდგომ კი სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საბოლოოდ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის გაცემა.

თუმცა, IDFI-ში განმარტავენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რის გამოც 2017 წლის 30 მაისს IDFI-მ იძულებითი აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ ინფორმაციის მოპოვება IDFI-მ მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს შეძლო.

„ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით IDFI-მ უწყებას 2016 და 2017 წლებშიც მიმართა. 2016 წელს უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით, 2017 წელს კი ჩვენ მიერ 2015 წელს სასამართლოში გასაჩივრებული საკითხის მსგავსად, მათ კიდევ ერთხელ უპასუხოდ დატოვეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ IDFI-ის განცხადება. შედეგად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება.

IDFI-ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015, 2016 ისევე როგორც 2017 წლებში მიმართავდა სტანდარტული შინაარსის განცხადებებით და ითხოვდა ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ, როგორიც არის თანამდებობის პირთა პრემიები და სახელფასო დანამატები, სამივლინებო, „როუმინგული“ და წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები და სხვა.

ძირითადი მიგნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები:

- IDFI-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2015 წლის მარტს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღება მხოლოდ 2017 წლის 16 ივნისს დავის სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვის შემდეგ შეძლო.

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ გასცემდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც, რის გამოც IDFI-მ იძულებითი აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება, თუმცა კვლავ არასრულყოფილი სახით.

- სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული პირდაპირი მითითების მიუხედავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არასრულყოფილი სახით გასცა ინფორმაცია ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯების შესახებ. კერძოდ თითოეული ოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში ინსტიტუტი ითხოვდა ინფორმაციას ჩაშლილი სახით სასტუმროს, მგზავრობის, დღიური და სხვა ნებისმიერი ხარჯის მითითებით, სამინისტრომ კი მოგვაწოდა ინფორმაცია თითოეული სამუშაო ვიზიტების ჯამური ხარჯის შესახებ, ხარჯვითი კატეგორიების მითითების გარეშე.

- მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა ჩვენს მიერ მოთხოვილი ინფორმაციის ღიაობა, უწყება უარს აცხადებდა ან არასრულყოფილად გასცემდა იგივე შინაარსის ინფორმაციას მომდევნო წლებისთვის. კერძოდ, განსხვავებით 2014 წლის მონაცემებისგან, რომელიც IDFI-მ მხოლოდ სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვის გზით შეძლო მოეპოვებინა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ინფორმაცია 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ მოგვაწოდა მხოლოდ ჯამური სახით, თანამდებობის პირების სახელისა და გვარის თუ პრემიის მიღების კონკრეტული თვის მითითების გარეშე.

- ცდომილება შეინიშნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სხვდასხვა პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას შორის, რომელიც ერთი და იმავე პერიოდში გაწეულ ისეთ ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება, როგორიც არის უწყებაში გაცემული პრემიები და დანამატები. კერძოდ, სასამართლოს ძალით მიღებული ინფორმაციით 2014 წელს უწყებაში გაიცა პრემია და დანამატი 2 479 487 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წელს მიღებული ინფორმაციით აღნიშნული ხარჯი 2 740 867 ლარს შეადგენდა.

- ერთმანეთს არ შეესაბამება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები მინისტრის შრომის ანაზღაურების შესახებ. სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცმებით მინისტრზე 2014 წელს გაიცა შრომის ანაზღაურება 75 000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად 2014 წელს გიორგი კვირიკაშვილი მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შედეგად მიღებული ანაზღაურება 81 250 ლარს შეადგენდა.

- 2011 წლიდან 2015 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი. მიუხედავად აღნიშნულისა ყოვეწლიურად იზრდებოდა პრემიისა და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურებაში. 2011 წელს გაცემული პრემიის და დანამატის წილი საერთო შრომის ანაზღაურების 29,1%-ს შეადგენდა, ხოლო 2014, 2015 წლებში კი შესაბამისად 46,4 და 42,6%-ს.

- 2011 წლიდან 2016 წლამდე ეტაპობრივად იკლებდა სამინისტროს მიერ გაწეული სატელეფონო, ე.წ. „როუმინგული“, სამივლინებო, ისევე როგორც ავტოპარკის განახლების ხარჯები.

IDFI უკვე მრავალი წელია საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო ინფორმაცის ხელმისაწვდომობის არსებულ პრობლემაზე. 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასახელდა ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად საქართველოში. როგორც IDFI-ის პრაქტიკა ცხადყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ უწყებაში მდგომარეობა არც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს ამბობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. ამასთან უწყებამ არ გაიზიარა სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია და შემდგომ წლებში განაგრძო ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმა ან მისი არასრულყოფილი სახით მოწოდება.

ვფიქრობთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყების შემდეგ, ისევე როგორც სამინისტროს მიერ იმავე ქმედების განხორციელების გაგრძელება, რის გამოც იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა კანონდამრღვევად წარმოადგენს უწყების მიერ სასამართლო ხელისუფლების როლის დაკნინებას და მიუთითებს კანონის უზენაესობის მნიშვნელობის გათვითცნობიერების ნაკლებობაზე.

პრობლემურია ისიც, რომ ცდომილება შეინიშნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სხვდასხვა პერიოდში მოწოდებულ ინფორმაციას შორის. მსგავსი შემთხვევები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ გაცემული მონაცემების ავთენტურობას.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ინფორმაციის მიღების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (მუხლი 153), ისევე, როგორც მოხელის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა (მუხლი 341).

სამწუხაროა, რომ მიუხედავად სასამართლო გადაწყვტილებაში არსებული პირდაპირი მითითებისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დღესაც განაგრძობს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას და არ გასცემს ისეთ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და რომლის მიმართაც განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს“, - განმარტავენ IDFI-ში.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებაში 2014 წელს პრემია გაიცა 7-ჯერ. თანამდებობის პირებზე გაცემული პრემია ჯამში შეადგენდა 764 609 ლარს, ხოლო ყველა სხვა თანამშრომელზე - 876 387ლარს. ამასთან ყველაზე დიდი ოდენობით პრემია გაიცა აპრილისა და დეკემბრის თვეებში, რაც სავარაუდოდ აღდგომისა და ახალი წლის დღესასწაულებთან არის დაკავშირებული. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს საჯარო დაწესებულებებში, რაც ნაწილობრივ მნიშვნელობას უკარგავს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ იმ პირობას, რომლის თანახმადაც პრემია გაიცემა მხოლოდ დამსახურებისებრ შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.

„მიუხედავად შემცირებული შრომის ანაზღაურებისა 2011-დან 2015 წლამდე საგრძნობლად იმატა პრემიისა და დანამატის ოდენობამ. თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2011 წელს გაიცა პრემია და დანამატი 1 690 999 ლარის ოდენობით, 2014 და 2015 წლებში მოცემული მაჩვენებელი შესაბამისად 2 685 161-სა და 2 261 599 ლარს გაუტოლდა. სამწუხაროდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია 2016 წელს გაცემული თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის შესახებ ცალ-ცალკე. მოცემული ინფორმაცია მხოლოდ ჯამური სახით არის გამოქვეყნებული სამინისტროს ვებ-გვერდზეც. შესაბამისად შეუძლებელია სამინისტროში 2016 წელს გაცემული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შედარება სამინისტროში გაცემულ პრემიებთან და დანამატებთან.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა შეუსაბამობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სასამართლოს ძალით მიღებულ ინფორმაციასა და უწყების მიერ ჩვენთვის 2016 წელს მოწოდებულ ინფორმაციას შორის. კერძოდ სასამართლო დავის IDFI-ის სასარგებლოდ დასრულების შემდეგ, სამინისტრომ გასცა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უწყებაში 2014 გაცემული პრემიის ოდენობა ჯამში შეადგენდა 1 640 996, ხოლო დანამატის კი 838 489 ლარს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 2016 წელს მიღებული ინფორმაციის თანახმად კი 2014 წელს უწყებაში გაიცა პრემია 1 900 801 ლარის ოდენობით, ხოლო დანამატი 840 064 ლარის ოდენობით.

მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისთვის დანამატის დაწესების შესახებ პრემიერ- მინისტრის ბრძანების შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყოველთვიურად იღებდა დანამატს 2710 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე იმჟამინდელი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2014 წლის განმავლობაში დაკავებული თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 75 000 ლარს - ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) 3 540 ლარის ოდენობით3 და ყოველთვიური დანამატი 2 710 ლარის ოდენობით.
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებით თავად იმჟამინდელ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მან 2014 წლის განმავლობაში დაკავებული თანამდებობიდან მიიღო შემოსავალი 81 250 ლარის ოდენობით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმჟამინდელი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ საკუთარ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია არ არის თანხვედრაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციასთან. მსგავსი შეუსაბამობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ავთენტურობას. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განსხვავებით თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებისა სამინისტროს მიერ გაწეული სხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია ისეთივე ღია ინტერნეტ წყაროების მეშვეობით, როგორიც თანამდებობის პირთა შემოსავლების შემთხვევაში ქონებრივი დეკლარაციების ერთიანი ონლაინ სისტემაა“, - განმარტავენ IDFI-ში.