მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაგო ბიტარიშვილი მთავრობას: ინვესტორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ სოფლის მეურნეობაში დააბანდოს ინვესტიცია

5901942420bbe
დავით ჯალაღონია
27.04.17 10:45
1687
"იაგოს ღვინის" დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება არ უნდა აიკრძალოს, თუმცა გონივრული რეგულაციების დაწესება შესაძლებელია.

"ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არც აკრძალვა გამოდის და არც თავისუფლად გაყიდვა უცხოელებზე. ჩვენ თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს, ჩაიდოს ინვესტიცია - ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამას, რომ შესაძლებლობა მისცენ ინვესტორს, სოფლის მეურნეობაში დააბანდოს ინვესტიცია, ვინაიდან სხვანაირად ახალი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების გარეშე სოფლის მეურნეობა ისე სწრაფად ვერ განვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა", - განაცხადა ბიტარიშვილმა "საქმის კურსთან" საუბრისას.

დარგის კიდევ ერთი წარმომადგენელი სააქციო საზოგადოება "კორპორაცია ქინძმარაულის“ დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი მიიჩნევს, რომ „აკრძალვები არაფერს აუმჯობესებს“.

"არ შეიძლება გაყიდვების აკრძალვამ რაღაც ინვესტიცია მოიზიდოს, თუმცა მე მოსმელინი მაქვს არგუმენტები, რატომ ხდება ამის დროებით შეჩერება. აკრძალვას ნუ დავარქმევთ. ეს ისეთი თემაა, რაზეც ბევრი აზრია. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. არსებობს ქვეყნები, სადაც შეზღუდულია მიწების გასხვისება არარეზიდენტ პირებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ინვესტიციების მხრივ, თუ მიწა ჩვეულებრივ ბრუნვაში ჩაებმება, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება", - განაცხადა ქსოვრელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.

"ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ ის, რომ უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდეს. ერთადერთი პრეროგატივა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს, არის გამონაკლისი შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა. შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ, ანუ დიდი მასშტაბის მქონე პროექტი უნდა იყოს, რომ განხილულ იქნას გამონაკლისის სახით", - განმარტა ოთარ დანელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა არის ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც შეიძლება, არარეზიდენტებზე მიწის გასხვისების საფუძველი გახდეს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა სახელისუფლებო გუნდში დასასრულს უახლოვდება და ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები დაიწყება.