12.თებერვალი.2019 14:19
ეკონომიკა, საზოგადოება

იაფი ბინები და 5 წლით დაწეული საპენსიო ასაკი - რას ცვლის “სოც.დემოკრატების” პროექტი

იაფი ბინები და 5 წლით დაწეული საპენსიო ასაკი - რას ცვლის “სოც.დემოკრატების” პროექტი
ქართული ოცნების შემადგენლობაში შემავალი ფრაქციის, “სოციალ-დემოკრატების” მიერ შექმნილი კანონპროექტი ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემას არსებითად ცვლის.

დაზოგვის დღეს მოქმედი მოდელით, 40 წლამდე პირებისთვის დაზოგვა სავალდებულოა, 40 წელზე უფროსებს კი არჩევანი აქვთ ჩაერთონ თუ არა სისტემაში. დაგროვილ თანხას სპეციალური საპენსიო სააგენტო განკარგავს და მას საპროცენტო სარგებელს დაარიცხავს. მოქალაქეები თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ იღებენ.

რას ცვლის “სოციალ-დემოკრატების” ინიციატივა, თაობათა სოლიდარობის ფონდი

“სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული ცვლილებებით, საპენსიო შენატანების განხორციელება ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება. ამასთანავე, სრულად ინდივიდუალურ დაზოგვის სისტემას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ე.წ. თაობათა სოლიდარობის ფონდი. ანუ დღეს დასაქმებული მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები არა მათ ინდივიდუალურ ანგარიშებზე გადაირიცხება, არამედ ნაწილობრივ დღევანდელი პენსიონერების პენსიას დაემატება. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 40 წლის შემდეგ გავლენ პენსიაზე, მათ ინდივიდუალურ დაგროვებით პენსიასთან ერთად, მიიღებენ “თაობათა სოლიდარობის ფონდის” მიერ დაფინანსებულ პესნიას, რომელშიც ფულს 40 წლის შემდგომი დასაქმებულები გადარიცხავენ.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს “თაობათა სოლიდარობის ფონდში” 2-2%-ის გადახდა მოუწევთ.

მთლიანი პენსია იქნება დაფუძნებული სამ კომპონენტზე, ესენია:

საბაზისო პენსია, რომელიც დღეს 200 ლარის ტოლია;
თაობათა სოლიდარობის ფონდის კოეფიციენტი;
ინდივიდუალური დაგროვებითი ანგარიში.

საპენსიო ასაკის 5 წლით შემცირება


“სოციალ-დემოკრატების” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში მოქალაქეთა ნაწილისთვის საპენსიო ასაკი შემცირდება. 5-წლიანი შემცირება შეეხებათ მათ, ვინც მუშაობს სამსახურებში, რომლებიც რეგისტრირებულები არიან “მძიმე და საშიშპირობებიანი” სამსახურების სიაში. ასეთი კომპანიების რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციურად ათიათასობით მოქალაქეს პენსიაზე გასვლა უფრო ადრე მოუწევს. ქალებისთვის ეს 55 წელი, კაცებისთვის კი 60 წელი იქნება.

ხელმისაწვდომი საცხოვრებლები


კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იმისთვის, რათა მოსახლეობის დაბალშემოსავლიანმა ფენებმაც შეძლონ ახალი საცხოვრებლების შეძენა, აუცილებელია დაფუძნდეს ახალი სახელმწიფო უწყება, რომელიც მათ ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს.

ახალი უწყების სახელი “სსიპ ეროვნული საბინაო ფონდი” უნდა იყოს, რომელიც საპენსიო სააგენტოდან დაფინანსდება. უწყება ფონდიდან მოზიდულ კაპიტალს საბაზროზე უფრო დაბალ პროცენტად გაასესხებს სამშენებლო ინდუსტრიაზე, რათა მათ სპეციალური “ხელმისაწვდომი საცხოვრებლები” შექმნან.

“საპენსიო აქტივების ნაწილი მიემართება საბინაო ფონდისკენ, რომლის საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაარსდება საპენსიო სქემის ამუშავების შემდეგ. ხელმისასწვდომი საცხოვრებლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი საცხოვრებლის მიწოდება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის (სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით),  უპირატესად კი, ახალგაზრდებისთვის, რომელთაც დეკლარირებული აქვთ საკუთარი შემოსავლები. ეს შეამცირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მაღალ პროცენტიან სესხებზე დამოკიდებულებას და თანხებს ეკონომიკის რეალური სექტორისკენ მიმართავს. ყველა სხვა პოზიტიური ეფექტების გარდა, ამას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების საბინაო საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში,” - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში მოქმედ ჩანაწერთან, რომლის მიხედვითაც, სპენსიო სააგენტოს თანხის უძრავ ქონებაში ინვესტირება აკრძალული აქვს.

ამასთანავე, დღეს მოქმედი სისტემის მიხედვით, საპენსიო სააგენტომ ინვესტირება მხოლოდ კომერციულად გამართლებულ აქტივებში უნდა განახორციელოს. შეღავათიანი საცხოვრებელები ყველაზე დაბალშემოსავლიანებისთვის კი, უფრო მეტად სოციალური პროექტია, ვიდრე - მომგებიანი ინვესტიცია.

კომიტეტების უარი


11 თებერვალს ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილმა ახალი საპენსიო სისტემის კანონპროექტმა დღეს მხარდაჭერა ვერცერთი კომიტეტისგან მიიღო.

დეპუტატებს კითხვები კანონპროექტის დეტალებს, ძირითადად მის საინვესტიციო პოლიტიკას ეხებოდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ ცვლილებები ჯერჯერობით ნაადრევია.

“3,2% გამოდის საგადასახადო ტვირთი და პლიუს საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც ასევე 80 მილიონია. ამ ეტაპზე, არამგონია, მზად ვიყოთ, თუმცა ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მომავალში საპენსიო შენატანი დაგროვებითში უნდა გაიზარდოს. ნაცვლად დაგროვებითისა შესაძლებელია, რომ მომავალში ამას დავუბრუნდეთ, ერთი წლის მერე, ორი წლის მერე და ვიმსჯელოთ მაშინ, რომ ამ სისტემით მოხდეს, რასაც ბექა გვთავაზობს“, - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი აკაკი ზოიძე.

ახალი საპენსიო სისტემის ინიციატორს, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ კანონპრიექტთან დაკავშირებით მკაფიო სურათი მაშინ გამოჩნდება, როცა დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე გავა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ საპენსიო სისტემის ალტერნატივას არ მიიღებს, ამბობს, რომ უმრავლესობას დატოვებს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი



19.თებერვალი.2019 14:53
36

"ხაზარაძე და ჯაფარიძე დეპუტატებთან შესახვედრად მზად არიან"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:42
104

ქობულია ამტკიცებს, რომ "თიბისი ბანკის საქმეს" ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:40
101

„იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:20
271

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:03
206

„2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 14:00
279

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

ვრცლად