მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Humanity Georgia" -ს წინააღმდეგ სააღსრულებო პროცესი იწყება

5c4858cbad48c
ელენე გოგბერაშვილი
23.01.19 19:00
973
კომპანია “Humanity Georgia”-მ ყოფილ თანამშრომლებთან სასამართლოს ყველა ინსტანციაში დავა წააგო.

საქალაქო სასამართლომ 34 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და კომპანიას მათ სასარგებლოდ 326 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, რასაც ემატება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ხელფასზე.

პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც მოსარჩელეების სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა როგორც კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატი, ავთო თეთრაშვილი აცხადებს, “Humanity Georgia” უარს ამბობს, სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდაზე.

Bm.ge-თან საუბარში ადვოკატი განმარტავს, რომ კომპანიის წინააღმდეგ სააღსრულებლო პროცედურებს იწყებენ.

იმ შემთხვევაში თუ აღსრულების ბიუროს მოთხოვნით, კომპანიამ კვლავ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე, ამის შემდეგ პროცესი კომპანიის ქონების გასხვისების გზით წარიმართება.

"ჰუმანითი ჯორჯია" ქართულ ბაზარზე 2015 წელს, მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა. კომპანიისა და "საპარტნიორო ფონდის" ერთობლივი პროექტი მოიცავდა 2 კომპონენტს. ბაზარზე მედიკამენტების იმპორტის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა „ჰუმანითი ჯორჯიას“ 11 მილიონ დოლარზე მეტი სესხის სახით გამოუყო. თანამშრომლობის მეორე ეტაპი ვერ შედგა. ფარმაცევტული ქარხნის რამდენიმე მილიონიანი პროექტი ფონდმა აღარ დააფინანსა. მიზეზად 2017 წლის ბიუჯეტისა და ხარჯების ოპტიმიზაცია დასახელდა.

დაახლოებით, ერთ წელზე მეტია "ჰუმანითი" ბაზარზე აქტიურად აღარ ჩანს. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ კომპანია მათგან დამოუკიდებლად საქმიანობს და „ჰუმანითი ჯორჯიამ“ მათ წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შეასრულა.