მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჰოლანდიურმა კომპანიამ შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროზე გემების სარემონტო საამქროები მოაწყოს"

5c4741c56311b
ანნა ლაპიაშვილი
22.01.19 20:37
1582
დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჰოლანდიური გემთმშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჰოლანდიური კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებით დაინტერესდა.

პრესრელიზს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კონცერნის Damen Shipyards - ის ხელმძღვანელთან. კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნას. ეს დაგვეხმარება დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ სექტორში, ასევე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გააჩნია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსხვილი ნიდერლანდური კონცერნის Damen Shipyards - ის თავმჯდომარე კომერ დამენთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა, სადაც გიორგი ქობულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე,  რომელსაც ასევე  ესწრებოდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, განხილული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება საკუთარ ნავსადგურებში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, რომლის მიზანსაც საპორტო და სანაოსნო მომსახურების განვითარება წარმოადგენს.

შეხვედრაზე Damen Shipyard-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით და განიხილავს აღნიშნულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ Damen Shipyard  მსოფლიოში ცნობილი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ადგილობრივი საკადრო რესურსის გადამზადების აუცილებლობაზეც, რაც, პერსპექტივაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.  

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და მსხვილ ნიდერლანდურ კონცერნს შორის მომავალში გაგრძელდება.