მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HDFOREX: საფონდო ბირჟების მიმოხილვა

5ad4b3e81dd17
BM.GE
16.04.18 18:26
2860

გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო რუსულ რუბლზე მომხდარი ძვრები, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამკაცრდა სანქციები რუსეთთან მიმართებით. ეს სანქციები შეეხო 7 პირის კომპანიას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ძვრები რუსულ რუბლზე და ერთი სავაჭრო დღის გამნავლობაში რუბლმა დაკარგა პოზიციები. შესაძლოა რომ სანქციები ისევ გაგრძელდეს და ამის საფუძველს იძლევა ამერიკის მხრიდან განცხადებები. ეს სანქციები პირდაპირ დაკავშირებულია სირიის კონფლიქტთან და შესაბამისად, თუ ვითარება არ დარეგულირდება, იგი ძვრებს გამოიწვევს არა მარტო სავალუტო ბაზარზე. რაც შეეხება რუბლს დოლართან მიმართებაში, იგი ამა წლის ივლისიდან იმყოფებოდა ერთგვარ კორიდორში და მოძრაობდა 55-დან 60 ნიშნულამდე. სანქციების დაწესების შემდეგ მან გაარღვია 60 ნიშნული და 3 დღეში მიაღწია 65 რუბლს ერთ დოლარზე. ფაქტიურად ეს არის რეკორდული ვარდნა რუბლისთვის. თუ პოლიტიკური ფონი არ შეიცვლება და გარკვეული პერიოდის მანძილზე იგივე საფრთხეები შენარჩუნდება სირიასთან დაკავშირებით, მაშინ შესაძლებელია ეს ისევ პირდაპირ აისახოს რუბლზე და მან გააგრძელოს კლება სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის იგი იმყოფება კორექციაში და ერთი დოლარი შეადგენს 62 რუბლს.

სირიის კონფლიქტი შეეხო ასევე ნავთობსაც. ბრენტისა და light კატეგორიის ნავთობმა განავითარეს აღმავალი მოძრაობა და გაარღვიეს წლის მაქსიმალური ფასები. კერძოდ, light კატეგორიის ნავთობმა გადალახა ბარელზე 66 დოლარი და 50 ცენტი, ხოლო ბრენტის ტიპის ნავთობმა - 70 დოლარი და 80 ცენტი. ამ ფონს ასევე ხელს უწყობს საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური მდგომარეობის გაუარესება. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ არსებობს საფრთხე ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით, თუ კონფლიქტები გაგრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპეკის ქვეყნები განაგრძობენ მოპოვების შემცირებას, რაც ნავთობიზე ფასის ზრდას კიდევ უწყობს ხელს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო მომავალში ველით ორივე ტიპის ნავთობზე ფასების მატებას და ახალი მაქსიმუმების დაფიქსირებას.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ფაქტიურად მთლიანად გადაფარა გასულ კვირას გამოსული მნიშვნელოვანი ინფორმაციები და მონაცემები. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომა და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ბატონ მარიო დრაგის გამოსვლა. ფედერალურმა სისტემამ დადებითად შეაფასა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და გამოხატა დადებითი განწყობა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ ამ წლის განმავლობაში სისტემა ორჯერ კიდევ აწევს საბაზისო პროცენტს.

რაც შეეხება ევროზონას, ევროპის ბანკმა შესაძლოა გადახედოს თავის მონეტარულ პოლიტიკას, რადგან ევრო ამ წლის მანძილზე ძლიერ გამყარდა დოლართან მიმართებაში. ეს მგომარება შეიძლება შეეხოს ინფლაციის მაჩვენებელსაც, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ცდილობენ დაარეგულირონ წლიურ 2 პროცენტიან ნიშნულამდე. შექმნილი მდგომარეობინა გამომდინარე ევრო-დოლარის წყვილი უკვე თვეზე მეტია მოძრაობს ვიწრო დიაპაზონში 1,22 და 1,2450 ნიშნულებს შორის.

მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა კრიპტოვალუტების ბაზარზე. როგორც ცნობილია კრიპტოვალუტებით უკვე დაინტერესდა ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი. როგორც იცით ამ წლის იანვარში დავოსის კონფერენციაზე ჯორჯ სოროსმა უარყოფითად შეაფასა ელექტრონული ვალუტები და აღნიშნა, რომ ისინი საპნის ბუშტებივით გასკდებოდნენ და გამოიწვევდნენ ერთგვარ კრიზისს. თუმცა რატომ შეიცვალა მისი აზრი ჯერ ჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ მისი ფონდი უკვე აპირებს აქტიურად დაიწყოს ვაჭრობა. ამ დადებითი ინფორმაციების ფონზე ბიტკოინის ფასმა საგრძნობლად მოიმატა დოლართან მიმართებაში და 6 800 ნიშნულიდან ორ სამუშაო დღეში მიაღწია 8 000 ნიშნულს. ზრდა დაფიქსირდა არა მარტო ბიტკოინზე, არამედ ბევრ კრიპტოვალუტაზე. თუ დადებითი განწყობა კრიპტოვალუტის მიმართ გაგრძელდა ისინი კვლავ ფასში მოიმატებენ.


შეერთებულ შტატებში დღეს გამოქვეყნდება საცალო გაყიდვების შესახებ ინფორმაციას. წინასწარი ინფორმაციით მოსალოდნელია, რომ იგი მოიმატებს 0,4%-ით. თუ მონაცემი დადასტურდა, მაშინ იგი დადებით გავლენას მოახდენს დოლარზე და მოსალოდნელია დოლარი გაძლიერდეს ძირითად ვალუტებთან.

17 აპრილს 05:30 საათზე ავსტრალიიდან გამოქვეყნდება ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პროტოკოლი მომავალ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებელია მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს ქვეყნის ვალუტაზე.

18 აპრილს კანადიდიდან ველით საპროცენტო განაკვეთის თაობაზე მონაცემის გამოქვეყნებას. წინასწარი ინფორმაციით კანადის ბანკი უცვლელად დატოვებს პროცენტს 1,25 პროცენტზე. ამასთან ერთად გამოქვეყნდება ბანკის პუბლიკაცია მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. კანადიდან ინფორმაციას ველით ასევე პარასკევს 20 აპრილს, 16:30 საათზე სამომხმარებლო ფასების ინდექსზე.