მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გზამკვლევი Facebook მომხმარებლებისთვის - პირადი უსაფრთხოების დაცვა

59735b4d49f65
BM.GE
22.07.17 18:03
2403
IDFI-მ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებისთვის სპეციალური გზამკვლევი შექმნა, რომელიც მათ პირადი უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება.

დღესდღეობით, Facebook-ი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია (ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი Facebook ანგარიშია დარეგისტრირებული). სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მომხმარებელი აცნობიერებდეს სოციალური ქსელის გამოყენების პოტენციურ რისკებს და, რაც მთავარია, შეეძლოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა.

გზამკვლევი მოიცავს როგორც მარტივ რჩევებს, ისე დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ ძლიერი პაროლი; მიიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე მაშინ, როდესაც თქვენს ანგარიშზე ახალი მოწყობილობიდან ხდება შესვლა; გაიაროთ უსაფრთხოების პერიოდული შემოწმება; და გამოიყენოთ ე.წ „უსაფრთხოების გასაღები“.

გზამკვლევი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პირადი მონაცემების მართვაზე. მისი გამოყენებით, გაიგებთ, თუ როგორ უნდა დააღწიოთ თავი ონლაინ რეკლამებს და დაიცვათ პირადი მიმოწერის უსაფრთხოება.

მოერიდეთ საეჭვო ჯგუფებში გაწევრიანებას - თუ ჯგუფი საეჭვო საქმიანობას ან ამგვარი საქმიანობის აგიტაციას ეწევა, ეს საკმარისი საფუძველია, არ გაწევრიანდეთ მასში. თუ თქვენ არ იცით, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი ან ზუსტად რა მიზანი აქვს მას, ნურც ამ შემთხვევაში გაწევრიანდებით ჯგუფში. თუ თქვენ თავად მართავთ რაიმე ჯგუფს და არ გსურთ, ჯგუფის აქტივობა ყველასათვის თვალსაჩინო იყოს, აქციეთ იგი „დახურულ“ ან „საიდუმლო“ ჯგუფად. ამგვარად, ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ ამავე ჯგუფში გაწევრიანებულ მომხმარებლებს ექნებათ.

უსაფრთხოების პერიოდული შემოწმება - იმისათვის, რომ Facebook-ის მოხმარებისას თავი ბოლომდე დაცულად იგრძნოთ, რეკომენდირებულია, დროდადრო გაიაროთ ე.წ. „უსაფრთხოების შემოწმება“ (Security Checkup).

პაროლის უსაფრთხოება - რამდენიმე მარტივი რჩევა: • გამოიყენებთ გრძელი პაროლები - არანაკლებ 8 სიმბოლო; • პაროლის შექმნისას შეეცადეთ დაეყრდნოთ სიმბოლოების შემთხვევითი შერჩევის მეთოდს; • შეეცადეთ, პაროლში გამოიყენოთ არასტანდარტული სიმბოლოები - მაგალითად, სასვენი ნიშნები; • პერიოდულად ცვალეთ თქვენი პაროლი - მაგალითად, სამ თვეში ერთხელ; • არ გაუზიაროთ თქვენი ანგარიშის პაროლი სხვა ადამიანებს. სუსტი პაროლი: password ძლიერი პაროლი: “$sap_s15w*8d~ თქვენი პაროლის სიძლიერის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: www.passwordmeter.com

შესვლის შეტყობინება (Login Alerts) - ფუნქცია გაძლევთ საშუალებას, ელ-ფოსტაზე მიიღოთ შეტყობინება, როდესაც თქვენს Facebook ანგარიშზე ნებისმიერი ახალი მოწყობილობიდან ხდება შესვლა. ამგვარად, თქვენ იგებთ ვინ და საიდან შედის თქვენს ანგარიშზე. ზოგადად,შეეცადეთ, Facebook-ზე არ შეხვიდეთ არასანდო კომპიუტერიდან და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი მოწყობილობაზე არ დატოვოთ თქვენი ანგარიში ჩართული.

2-ეტაპიანი ავტორიზაცია (Two-Factor Authentication) - ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის მოთხოვნას ემატება SMS-ით მიღებული კოდიც. SMS კოდის შეყვანა საჭირო ხდება Facebook-ში ახალი მოწყობილობიდან შესვლის დროს.

უსაფრთხოების გასაღები (Security Key) - საშუალებას გაძლევთ, Facebook-ის ანგარიშს დაუკავშიროთ ნებისმიერი USB ხელსაწყო, რომელიც შემდეგ, სხვა კომპიუტერიდან შესვლის დროს „გასაღების“ როლს ასრულებს. Facebook-ის გარდა, უსაფრთხოების გასაღები Google, Dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. მის გამოსაყენებლად Chrome-ის უახლესი ვერსია დაგჭირდებათ.

აკონტროლეთ, ვის შეუძლია თქვენი პოსტების ნახვა Facebook საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ, თუ ვის შეუძლია დაინახოს თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაცია - ყველას, მხოლოდ მეგობრებს, თუ თქვენი მეგობრების კიდევ უფრო ვიწრო ჯგუფს. აუდიტორიის შეზღუდვა შეგიძლიათ თითოეული პოსტის შემთხვევაშიც. ამისათვის, ინფორმაციის გაზიარების მომენტში, უნდა შეცვალოთ სამიზნე აუდიტორია ისე, როგორც მომდევნო ფოტოებზეა მოცემული. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, გამოიყენოთ „Custom“ ფუნქცია და გადაწყვიტოთ, ვის გაუზიარებთ და ვის დაუმალავთ კონკრეტულ პოსტს.

აუდიტორიის მართვას კიდევ უფრო ამარტივებს სიების შექმნის ფუნქცია. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ სამსახურის, ახლო მეგობრებისა, თუ ნათესავების სია და ნებისმიერი მასალა მხოლოდ მათ დაუმალოთ ან გაუზიაროთ.

Facebook ძირითად შემოსავალს რეკლამებიდან იღებს და რეკლამის სამიზნე აუდიტორიების უკეთ შესარჩევად, იგი მომხმარებელთა ონლაინ აქტიურობის დაკვირვების უფლებას იტოვებს. თუ არ გსურთ, რომ Facebook-მა შეინახოს ინფორმაცია იმ ვებგვერდების შესახებ, რომლებსაც სტუმრობთ, მაშინ გამოიყენეთ „ინკოგნიტო ფანჯარა“ (Incognito Window), რაც ყველა ბრაუზერს აქვს, და რომელიც არ ინახავს ისტორიას და მისი დახურვის შემდეგ შლის თქვენს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

Facebook-ის საშუალებით უაღრესად კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებისას შეგიძლიათ, გამოიყენოთ „საიდუმლო მიმოწერა“. ასეთი ტიპის მიმოწერა მთლიანად დაშიფრულია და მისი წაკითხვა მიმღების მხარეს მხოლოდ იმ მოწყობილობაზეა შესაძლებელი, რომელზეც მიწერეთ.

რით განსხვავდება დაშიფრული მიმოწერა ჩვეულებრივი მიმოწერისგან?
დაშიფრული მიმოწერა ჩვეულებრივი მიმოწერის ანალოგიურად გამოიყენება, თუმცა არსებობს მცირედი განსხვავები: • დაშიფრული მიმოწერისას ვერ გაგზავნით მოძრავ სურათებს (ე.წ გიფებს) და ვიდეოს; • ვერ განახორციელებთ ხმოვან ზარს; • დაშიფრული შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ადრესატი უნდა დაგთანხმდეთ მიმოწერის დაწყებაზე; • შეგიძლიათ, დააყენოთ გარკვეული დრო, რომლის გასვლის შემდეგაც თქვენი შეტყობინება ავტომატურად წაიშლება.