მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი", - პრემიერმა სეზონი გახსნა

5c14b68ca5fe3
თელარა გელანტია
15.12.18 12:07
1071
გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება.

გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის მართლაც რომ დაუვიწყარი და განსაკუთრებული იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგირო გზიდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ კობი-გუდაური-სტეფანწმინდა ჩვენ ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, რომ დაახლოებით, ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში, რაც იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც ყველას გვაწუხებდა წინა წლებში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის სურვილია, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი.

„უკვე თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტიც. იცით, რომ გუდაურში უკვე დავიწყეთ და დიდ ნაწილში დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, რომ გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მუშაობდეს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ტურისტული სეზონის გახსნას გუდაურში ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ესწრებოდა.