მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GRASS: "თავისუფლების აქტში" ხარჯების ზრდის შემზღუდველი ნორმა უქმდება, რაც "მცირე მთავრობის" კონცეფციას ეწინააღმდეგება

5bcedf1b3c6ec
BM.GE
23.10.18 12:42
634
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) კვლევამ აჩვენა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მთავრობის ზომის ზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ გაცხადებულ პოზიციას ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციის დანერგვის შესახებ.
“საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში (იგივე „თავისუფლების აქტი“) შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დღეს არსებული ზღვრების და ამ ზღვრების შესრულების ანგარიშების ნორმების ცვლილება/დაზუსტებას გულისხმობს.

კერძოდ, უქმდება ბიუჯეტის ხარჯების შემზღუდველი საკანონმდებლო ნორმა, რაც გულისხმობს მშპ-სთან შეფარდებით ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზედა ზღვრის ამოღებას. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, ამ კანონის ამოქმედებიდან ყოველ მომდევნო წელს, არსებული 30%-იანი ზღვარი დაირღვა.

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონიდან ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის 30%-იანი ზღვრის გაუქმება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რიტორიკის დონეზე გაცხადებულ ე.წ. „მცირე მთავრობის“ იდეას ეწინააღმდეგება. მთავრობის ზომა სწორედ ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფარდობითი მაჩვენებელია. „ეკონომიკური თავისუფლების აქტით“ დაწესებული ზღვრების ამოცანა სწორედ მთავრობის ზომის ზრდის საკანონმდებლო შეზღუდვაა. აღნიშნული კანონის ცვლილების პროექტით იმ პარამეტრზე დაწესებული საკანონმდებლო ზღვრის გაუქმება ხდება, რაც უშუალოდ მთავრობის ზომის ზრდას ზღუდავს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ფისკალური მდგრადობისთვის საჭიროა არსებობდეს ბიუჯეტის გადასახდელების შემზღუდველი ნორმები და ხელისუფლებამ ასეთი საკანონმდებლო ვალდებულების გაუქმებისგან თავი უნდა შეიკავოს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, წამოდგენილი კანონპროექტი ბიუჯეტის სხვა მაჩვენებლებზე არსებული წესების ცვლილებას მოიცავს:
• მშპ-სთან შეფარდებით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზედა ზღვარი ნარჩუნდება, თუმცა იცვლება ბიუჯეტის სახე. ნაცვლად ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტისა, 3%-იანი ზედა ზღვარი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტზე გავრცელდება.
• მშპ-სთან შეფარდებით სახელმწიფო ვალის 60%-იანი ზედა ზღვარი ნარჩუნდება, თუმცა კანონით დაწესებული ზღვრის მიზნებისთვის სახელმწიფო ვალში არ ჩაითვლება ეროვნული ბანკის ვალდებულები. ამრიგად, სახელმწიფო ვალზე დაწესებული ზედა ზღვარი ირიბად იზრდება“, - განმარტავენ Grass-ში.