მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი

5c42dc32ab996
BM.GE
19.01.19 12:00
859
"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ გაცემული პასუხებით,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

გოცირიძე საკუთარ facebook-ზე წერს, რომ საქართველო რუსულ ენერგოგიგანტთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით $30 მილიონს კარგავს. 

"ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ძველი ხელშეკრულებით საქართველო ღებულობდა 40 მილიონი დოლარის ღირებულების გაზს ნატურით, კალაძის ხელშეკრულებით კი გვიხდიან მაქსიმუმ 15 მილიონ დოლარს, ანუ წელიწადში ვკარგავთ 25 მილიონ დოლარს, რაც დღევანდელი კურსით 65 მილიონი ლარია. სწორედ ამიტომ ასაიდუმლოებენ ამ ხელშეკრულებას. 

ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, რომელსაც თავის დროზე ამ ხელშეკრულებასთან ჰქონდა შეხება, გაზპრომის მიერ გადახდილი ტრანზიტის საფასური მხოლოდ 11 მილიონი დოლარია, რაც ჩვენი მხარის მიერ გაზის სომხეთის საზღვრამდე მიტანის ხარჯებს თუ ყოფნის. თუ რატომ მოხდა ასეთი საზიანო ხელშეკრულების გაფორმება, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება. რა არ გამჟავნებულა ან საქართველოში რამე დამალულა?!,"- წერს გოცირიძე.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუ საქართველოსა და გაზპრომს შორის კონტრაქტში ცვლილებები შევა, მთავრობა მას საზოგადოებას აცნობებს.

"თუ რამე სიახლე იქნება კონტრაქტში,  როგორც ვიცი, არ დაწყებულა ამ საკითხზე საუბარი, ვალდებულება იქნება ეკონომიკის სამინისტროსი, რომ ეს გააცნოს საზოგადოებას,"- ამბობს ბახტაძე.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ამბობს, რომ კონტრაქტის გაფორმებისას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები დაცული იქნება. 

2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია.

სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.

სომხეთი ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.