მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: "პრივატიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას ვაპირებთ"

5b77d8e006e43
თელარა გელანტია
18.08.18 12:23
6679
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საინვესტიციო პორტფელის ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს.

ასე უპასუხა ქობულიამ bm.ge-ის კითხვას - „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ლარის ბოლოდროინდელი რყევების პარალელურად, რა გეგმები აქვს მთავრობას ახალი ინვესტორების მოსაზიდად ან რომელი ობიექტების პრივატიზაციას აპირებენ“.

„ეს არის ძალიან ფართო თემა. არის დიდი პორტფელი პოტენციური პროექტების, არის ძალიან დიდი დაინტერესება. რამდენიმე დღის წინ OPIC-ის მენეჯმენტი იყო ჩამოსული საქართველოში და მარტო OPIC-თან დაკავშირებით რამდენიმე მსხვილი პროექტია. ამის გარდა, ჩვენ ვაპირებთ პრივატიზაციის და სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციის ძალიან აგრესიული გეგმის განხორციელებას. ესეც არის ჩვენს გეგმებში. ჩვენ, პრინციპში, ვერ ვხედავთ დიდ პრობლემას საინვესტიციო პორტფელის ზრდაში... ანუ ინვესტიციები იქნება“, - განუცხადა bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა, თუმცა ქობულიას არც საპრივატიზაციო ობიექტები დაუსახელებია და არც პოტენციური საინვესტიციო პროექტები.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

ცნობისთვის: 2018 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს, თუმცა გაწერილი კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა არ არსებობს.

bm.ge-ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ სააგენტო იმ ქონებას გამოიტანს გასაყიდად, რომლის მიმართაც ინტერესი დაფიქსირდება.