მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მელაძე: სკოლებს უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება

5b28c0f42959d
თათია ჩაფიჩაძე
19.06.18 14:50
2047
სკოლა „ნიუტონის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე ფიქრობს, რომ განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს სკოლების ავტონომია წარმოადგენს. „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას მელაძემ სისტემაში შესვლის სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლებაში უკეთესი შედეგის მისაღებად, სკოლებში ახალი კადრების შესვლა უმნიშვნელოვანესია.

„ყველა მინისტრის და მმართველობის დროს ძალიან რეგულირებულია ეს სფერო. ფაქტიურად გეუბნებიან რა, რამდენი, როგორ, რანაირად უნდა გააკეთო. შესაბამისად სკოლები დღეს არიან ძალიან, ძალიან კონტროლირებადი. ფაქტიურად გვაქვს ერთი დიდი სკოლა, რომელსაც სამინისტრო მართვას, რაც ჩემი აზრით, არასწორია. აქცენტები ხდება ზედაპირულ ბიუროკრატიულ ინსტრუმენტებზე, როცა შინაარსობრივად იმ შედეგს არ ვიღებთ, რასაც უნდა ვიღებდეთ.

უამრავი რაღაც არსებობს მსოფლიოში რისი ადაპტაციაც, გამოყენებაც არის მნიშვნელოვანი და ამით არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც ისტორიის სწავლებას, არც ქართული ენის და არც ვეფხისტყაოსნის, პირიქით ამის გაკეთება უფრო საინტერესოდ შეიძლება. ჩვენთან ვასწავლით რომ გაიგონ, ისწვალონ და მერე გამოცდაზე ეფექტურად აჩვენონ ეს ცოდნა, რაც სინამდვილეში არ არის ეფექტური. 

ასევე მინდა შევეხო დარგის პოპულარიზაციას, ახალი პროგრამაშიც წერია რომ უნდა მოხდეს პოპულარიზაცია და ამას მოყვება ის 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც შემუშავდა მასწავლებლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს პროგრამა თუ არ გაქვს გავლილი ბაკალავრიატის შემდეგ, შენ ვერ გახდები მასწავლებელი. ანუ ვამბობთ რომ პოპულარული არ არის ეს პროფესია, ხალხი უნდა მოვიზიდოთ და ამ დროს ვაწესებთ დამატებით ბარიერებს იმისთვის, რომ ვიღაც გახდეს მასწავლებელი.

შესაბამისად გვყავს 60 ათასი ძალზეც გამოცდილი, მაგრამ არა მთლად კვალიფიციური მასწავლებელი. ერთი მიზანია, მაგრამ სტრატეგია ამ მიზანს ხელს უშლის. ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას ეს სფერო და სკოლაში შემოვიდეს ახალი სისხლი.“ - განაცხადა მელაძემ.