მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კეპულაძე: მამუკა ხაზარაძის TBC-ისგან განცალკევებით განხილვა ვერ მოხდება

5c41f50ac6e40
BM.GE
18.01.19 20:17
913
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის შეფასებით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ TBC ბანკის საქმეზე კითხვები მხოლოდ ბანკის აქციონერებს შეხეება და ეს საქმე თავად ბანკს არ უკავშირდება, სიმართლე ვერ იქნება, რადგანაც მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის არამხოლოდ აქციონერი, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა. 

"საუბარი არ არის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მინორიტარები არიან და აქციათა ძალიან მცირე ნაწილს ფლობენ. საუბარია, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეზე და სამეთვალყურეო საბჭოს მოადგილეზე, რომელთა აქციების ჯამური რაოდენობაც დაახლოებით, 21%-ია. მამუკა ხაზარაძის TBC-ისგან განცალკევებულად განხილვა ვერ მოხდება; ის, რა თქმა უნდა, კავშირშია ამ ბანკთან. მამუკა ხაზარაძეზე შეტევა საგამოძიებო ორგანოებისა თუ ხელისუფლების მხრიდან, საბანკო საქმიანობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს კავშირშია ერთმანეთთან,"- ამბობს კეპულაძე. 

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, TBC ბანკი, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას და კითხვები ეხება არა საფინანსო ინსტიტუტს, არამედ - მის აქციონერს.

ამის შესახებ პრემიერმა bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე 10 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების გავლენას შეეხებოდა - თან იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურის განცხადებამდე ინფორმაციამ მედიაში „გაჟონა“. 

პრემიერი ფიქრობს, რომ კონკრეტული კომპანიის აქციონერების მიმართ დასმულმა კითხვებმა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

"როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით კი ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს ძალიან დიდი მონაპოვარია და ამას გაფრთხილება უნდა. ნამდვილად შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ კითხვების გაჩენა ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ჩვენს მონაპოვარს შეასუსტებს.

სამწუხაროდ, მე აქ უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე - შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს და ეს კითხვები ეხება არა საფინანსო ისნტიტუტს, არამედ - მის აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მე პირადად პრობლემად არ მეჩვენება. TBC, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას. შესაბამისად, ასე ცალკე გაპიროვნება მე არ ვთვლი, რომ სწორია და მას კავშირი არ აქვს იმ კითხვასთან, რომელიც თქვენ დასვით, მაგრამ ის მოსაზრება, რომ კითხვების დასმამ შეიძლება საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მე, რა თქმა უნდა, ამ თემას ვერ დავეთანხმები. ეს მოწყვეტილია რეალობას, ეს ნამდვილად არ არის ასე", - განაცხადა პრემიერმა.