22.მარტი.2016 16:20
ეკონომიკა

გიორგი ღაღანიძე: საექსპორტო პროდუქტების ზრდის გარეშე, ექსპორტის გაზრდა შეუძლებელია

გიორგი ღაღანიძე: საექსპორტო პროდუქტების ზრდის გარეშე, ექსპორტის გაზრდა შეუძლებელია
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის ექსპორტი ჯამურად არ გაზრდილა, მაგრამ ცალ-ცალკე თვეების მიხედვით ნაკადები მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ თვეში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 21,6 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო 2014 წელთან შედარებით, 36 პროცენტიანი კლება გვაქვს. წინა წელთან შედარებით კი ექსპორტი 13 პროცენტით არის შემცირებული. თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ ეკონომისტი, გიორგი ღაღანიძე საუბრობს.
 
- ბატონო გიორგი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, რომლის ნაკლებობასაც საქართველო განიცდის და ასევე ინფორმირება, რომელიც კვლავინდებურად ქართველი მეწარმეების მთავარი პრობლემაა, რამდენად არის ის ამ ციფრებისა და სტატისტიკის განმაპირობებელი?

- ჩვენი პრობლემები, რა თქმა უნდა, უკვე ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ჩვენ საექსპორტო პროდუქტების ზრდა არ გვაქვს და ამის გარეშე შეუძლებელია ექსპორტი გავზარდოთ. თხილი მუდმივი საექსპორტო პროდუქტია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ მსოფლიო ბაზარზე რა კონიუქტურა ჩამოყალიბდება. ძირითადი ჩვენი გაყიდვის ბაზარი არის ევროკავშირი. დომინანტი ევროკავშირის ბაზარზე თხილის მიმწოდებელი თურქეთია. თუ თურქეთში კარგი მოსავალი იქნება ფასი დაბალი იქნება, შედარებით ცუდ მოსავალზე კი ფასი მაღალი იქნება. ჩვენ სტანდარტულად ერთნაირი მოსავალი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია.

ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გადის ძირითადად ნედლეულია ან ნედლეულთან მიახლოებული სასაქონლო პროდუქცია. ფერო შენადნობებიც, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასებზე. საექსპორტო პროდუქცია არ არის შექმნილი. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერიდან წელიწადნახევარი გავიდა, და ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, - ეს ცოტა გაზვიადებულია, რაღაცას ცხადია მივაღწიეთ თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ წმინდა ვაჭრობის თვალსაზრისით, ბაზრის გახსნა ჩვენ ევროკავშირში ექსპორტს უცებ არ გაგვიზრდიდა. ვინაიდან ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ამის პოტენციალი არ არის. სპეციალისტებისთვის ეს კვლევები ცნობილია.

- რაც შეეხება ექსპორტზე ორიენტირებული უწყებების შექმნას, რა შედეგი ექნებათ მათ?

- ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ პატარა რესურსებით. თუ ჩვენ მაგალითად, ირლანდიაზე ვსაუბრობთ - კელტური ვეფხვის ცნობილ ფენომენზე, განისაზღვრა თუ რა უნდა იყოს ირლანდიის ექსპორტის ძირითადი პრიორიტეტები. იყო ორი ან სამი, ეს ყველაფერი ცენტრალიზებული იყო, თეორიულად ირლანდიის კონკურენტუნარიანობის მუდმივი შეფასება ხდებოდა, ამის ანგარიშებს სპეციალური სტრუქტურა აკეთებდა და შემდეგ ეს იყო ერთი განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ყველა ამ პროცესების ხელშეწყობა ხდებოდა. მესმის, რომ ძალიან კარგია პროდუქციის დაყოფა ბაზრების მიხედვით და ბაზრების მიხედვითვე ხელშეწყობა, ამაში არის რაციონალური მარცვალი, იმიტომ რომ ერთი და იგივე პროდუქციაზე შესაძლოა დსთ-ის ქვეყნებში სულ სხვა პრობლემა გვქონდეს და ევროკავშირში - სულ სხვა. მაგრამ ეს რესურს ძალიან შლის, აძვირებს. ამიტომაც ეფექტი დაბალი იქნება. ეს ეტაპები ჩვენ გავლილი გვაქვს.

2000 წელს, როდესაც პირველი ექსპორტის განვითარების კონცეფცია დაიწერა მაშინვე ითქვა, რომ ეს არის საერთო საბაზო მიმართულებების განსაზღვრა და ამის შემდეგ სექტორალურ კონცეფციებზე უნდა გადავიდეთ.

- ფინანსურ რესურსზე მინდა გკითხოთ, ქვეყანაში განვითარების კორპორაცია, ფონდი, ან მსგავსი მიმართულების მქონე ორგანო არ გვაქვს, რომელიც სტარტაპებს დააფინანსებს. ეს რამდენად დიდი პრობლემაა?

- ზოგადად სტარტაპების დაფინანსება ძალიან სერიოზული საქმეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელ რეალობაში სტარტაპი და სერიოზული, ბიზნესზე ორიენტირებული საწარმო მაინც ერთმანეთისგან განსხვავდება. პატარა ქვეყანა ვართ და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
ფინანსურ ხელშეწყობას რაც შეეხება, ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ და სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს ფინანსურ რესურსზე წვდომას პირდაპირ გაუმარტივებდა არ გამოგვივა. ამ შემთხვევაში, ე.წ. დარგობრივი მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უპირატესობა მივცეთ მეღვინეობას და თავისთავად ცხადია, რომ ამ უპირატესობაში ღვინის ექსპორტი მოყვება. მეორე უშუალო საკითხად მე არა უშუალოდ წვდომის გამარტივება მესახება, არამედ ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა მაგალითად, საექსპორტო ოპერაციების დაზღვევა, რაც ძალიან სერიოზულია და ჩვენს ექსპორტიორებს ხელს შეუწყობს, რომ ოპერაციები უფრო ფართოდ აწარმოონ. მეორე, პრინციპულად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტი გახლავთ. აქ ცოდნა შედის და რა თქმა უნდა, ინფორმაციის მიწოდება. ნებისმიერი ულტრა ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნები რომ ავიღოთ, უზარმაზარ რესურსს დებენ და თავიანთ ექსპორტიორებს ინფორმაციას აწვდიან. მაგალითად, აშშ-ში მათი ვაჭრობის დეპარტამენტის საიტზე პირდაპირ პროგრამაა გამზადებული და თუ ამერიკული საწარმო ხარ, სრულიად უფასოდ გადიხარ ტესტირებას ექსპორტისთვის მზად რამდენად ხარ.

- დასავლური ბაზრების ასათვისებლად გაცილებით მეტი მუშაობა ხომ არ გვმართებს?

- რასაკვირველია, დასავლეთის ბაზრების ასათვისებლად რომ გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს, ეს ცალსახაა. დსთ-ს რაც შეეხება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - კულტურული, ტერიტორიული სიახლოვის, მენტალობის და ა.შ. გაცილებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ ეს ბაზრები ჩვენთვის გაცილებით კარგად არის ცნობილი. მარტივია, მაგრამ არა საიმედო, როგორც კი პრობლემა გაჩნდა, უკრაინასა და სასომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ექსპორტი შემცირდა. ეს არის დსთ-ში ჩვენი ძირითადი ბაზრები. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. მიდგომებს რაც შეეხება, მესმის სურვილი, რომ ყველას დაეხმარო და რაღაც კარგი გააკეთო, მაგრამ სწორად უნდა გავიგოთ. ჩვენ იმდენი რესურსი არ გვაქვს, რომ ყველაფერზე დავხარჯოთ. რაღაც უნდა განისაზღვროს, როგოც ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ორიენტირებული უნდა ვიყოთ ისეთი პროდუქტი და მომსახურება შევქმნათ, რომელიც გარეთ გაიყიდება. ეს არის საფუძველი, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. ამიტომ ჯობია ნაკლები ინიციატივა იყოს, მაგრამ ამ ინიციატივებში უფრო მეტი რესურსი, მიზნობრიობა და კონცენტრირება იყოს.



18.ოქტომბერი.2018 13:27
51

ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 12:25
112

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 11:41
182

ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 11:00
399

2019-ში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 09:15
103

“ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია”

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 19:00
150

ქუთაისში წარმოებული მინა-პლასტმასის არმატურა ევროპაში იყიდება

ვრცლად