მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი აბრამიშვილი: იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს ზრდის

5bcd5e354085e
დავით ჯალაღონია
22.10.18 09:39
802
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულების ზრდა მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე, ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხეებს შეიცავს.

„მოხმარება იზრდება და წლევანდელი პროგნოზი დაახლოებით, 10%-იანი ზრდაა. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტემპებით ვერ ვეწევით გენერაციას. ვერც მოხერდხება ასე მალე, ნება, განწყობა და ფულიც რომ არსებობდეს. შესაბამისად, იმპორტი იზრდება, ერთის მხრივ, რუსეთიდან და მეორეს მხრივ, იზრდება თბოსადგურების გენერაცია, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება მატულობს მეზობელ ქვეყნებზე, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრი საფრთხის შემქნელია. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ჩვენი საკუთარი რესურსი - განახლებადი რესურსი გამოვიყენოთ და დოლარის გადინება არ მოხდეს. როგორც ვიცი, 8 თვის განმავლობაში დაახლოებით, 36 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა იმპორტზე და დაახლოებით 19 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, ანუ სადღაც 16 მილიონიანი დეფიციტი გვაქვს, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება“, - განაცხადა აბრამიშვილმა BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ ეს ფაქტი სავალუტო კურსებზე დადებითად არ აისახება.

განახლებადი ენერგიების ათვისების პრობლემებს გიორგი აბრამიშვილი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჰესების სამშენებლო ტერიტორიასთან ახლოს მაცხოვრებელი მოსახლეობის წინააღმდეგობებით ხსნის.

„ჩვენი აზრით, მათ არ აქვთ ბოლომდე კარგად გათვითცნობიერებული, რა საფრთხეებზეა საუბარი ქვეყნის და ლოკალური მასშტაბით. მეორეს მხრივ, გარემოზე ზიანზე რომ ვსაუბრობთ, გარემოსთვის თბოსადგურზე უფრო ზიანის მომტანი გენერაციის წყარო კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია, შესაბამისად, მწვანე, განახლებადი გენერაციის დაბლოკვა და თბოსადგურების გენერაციის ხელშეწყობა, რომელიც ერთის მხრივ, გარემოსთვის ზიანის მომტანია და მეორეს მხრივ, ზრდის ენერგოდამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებზე, ვფიქრობ, არასწორია“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მთავრობამ ინვესტორებთან ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობებით მემორანდუმების გაფორმება შეწყვიტა, რადგან IMF მზარდ ფისკალურ რისკებზე მიუთითებდა, ეს რისკები შემცირდა თუ არა, აბრამიშვილი პასუხად აღნიშნავს, რომ პირიქით, რისკები გაიზარდა.

„ჩემი აზრით, ამ პაუზამ ეს რისკები გაზარდა. იგივე მსოფლიო ბანკის კვლევაშიც, ჩემი აზრით, არასწორი მეთოდოლოგია იყო გამოყენებული - არასწორი იყო ის მიდგომა, რომ სწორება იყო იმპორტის ფასზე, რაც შარშან ფიქსირდებოდა და წელს უკვე გაზრდილია. კიდევ ერთ წელიწადში რა მოხდება, კაცმა არ იცის და გარდა პოლიტიკური რისკებისა, ფაქტია, ეკონომიკური რისკებიც გვაქვს. ელექტროენერგიის ფასი მაინც გაიზრდება, მაგრამ ადგილობრივი გენერაციის შემთხვევაში ფასი ნაკლებად გაიზრდება და მისი გადახდაც მარტივი იქნება იმავე სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, ვინაიდან ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. მაგალითად, ახლა ჩვენ სვანეთში პროექტს ვახორციელებთ და უამრავი სოციალური პროგრამები გვაქვს - გარდა იმისა, რომ ადგილობრივების დასაქმებას აქტიურად ვუჭერთ მხარს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვაკეთებთ და ეს ყველაფერი საბოლოოდ, აადვილებს ადგილობრივისთვის ოდესღაც, თეორიულად გაზრდილი ფასის გადახდას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს პაუზა პირიქთ, ხელს შეწყობს ფასი ზრდას, რადგან მეზობლებზე დამოკიდებულები გავხდებით“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (132.853 მლნ.კვტსთ) დაახლოებით, 5%–ით მეტია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 134.750 მლნ.კვტსთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე (52.281 მლნ.კვტსთ) 61%–ით მეტია. აზერბაიჯანიდან საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 4.710 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის შეძენა დაფიქსირდა, გასული წლის სექტემბერში კი ამავე ქვეყნიდან – 80.572 მლნ.კვტსთ.

ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საერთო ჯამში, საქართველოში სავარაუდოდ, 1 430.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ექსპორტს, სექტემბერი ამ მხრივ პასიური თვე იყო, ისევე, როგორც გასულ წელს. 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 0.061 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის სექტემბერში კი – 0.119 მლნ.კვტსთ.