26.აპრილი.2016 16:17
ეკონომიკა

გიგლა მიქაუტაძე: "ლატარიის კომპანიის" შემოსავლების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მასში სახელმწიფო შევიდა

გიგლა მიქაუტაძე: "ლატარიის კომპანიის" შემოსავლების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მასში სახელმწიფო შევიდა
“საქართველოს ლატარიის კომპანია“ უკვე წლებია ზარალზე მუშაობს. მიზეზად შესაძლოა სახელმწიფოს ჩართულობა ან ბაზრის მონოპოლიზაცია დასახელდეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ლატარიას სახელმწიფო ატარებს. ეს მიდგომა ევროპაშიც ხშირად გვხვდება, სადაც სახელმწიფო ლატარიებისა და ჩატარების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს და მათ მიმართ ნდობაც დიდია. ზოგიერთ ქვეყანაში კი არა მხოლოდ ლატარია, არამედ სხვა ტიპის აზარტული თამაშებიც სახელმწიფოს ხელშია, თუმცა ფაქტია, რომ ქართულმა ლატარიის ჰიბრიდულმა მოდელმა ვერ გაამართლა.

რა ოდენობის ზარალზეა საუბარი და რაში მდგომარეობს გამოსავალი, თემაზე "საქმიან დილასთან" გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე საუბრობს.

- ბატონო გიგლა არის თუ არა პრივატიზაცია გამოსავალი, დღეს რომ სახელმწიფომ "ლატარიის კომპანია" გაყიდოს, გახდება თუ არა იგი მომგებიანი?

- ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის იმას ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების პრივატიზაცია უნდა მოხდეს და ზოგადად ამ იდეის მომხრე ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადგან კომპანიას ძალიან დიდი დავალიანება აქვს. შარშან დავალიანება 220 მილიონი იყო, წელს ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს. ბუნებრივია კომპანიაში 70 პროცენტიანი სახელმწიფოს წილი სოლიდურ თანხად ვერ გაიყიდება და ბიუჯეტი აქედან ვერ იხეირებს. ეჭვი მაქვს, რომ ახალი მფლობელი წინა დავალიანების გასტუმრებას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მას ასევე სხვა თანხაც აქვს გადასახდელი, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები აქვს აღებული და ეს ფული ან უნდა ჩამოაწერონ, ან ისევ გაკოტრდება.

- კომპანიის შექმნიდანვე არასწორი მიდგომა იყო?

- თავიდან კომპანია სრულიად კერძო იყო, მაგრამ ვალდებულებები იმდენად მაღალი იყო, რომ მან ის ვერ შეასრულა. ახლა გამოსავალი არა ამ ვალდებულებების შესრულების მცდელობაა, რომელიც ჩემი შეფასებით შეუძლებელია, არამედ ექსკლუზიური უფლებების ჩამორთმევა. ლატარიის ჩატარების უფლება შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის. ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული, გაურკვეველი მოდელი. ამ კომპანიის 70 პროცენტს სახელმწიფო, ხოლო 30 პროცენტს კერძო სექტორი ფლობს.

- რეალურად სახელმწიფოს ჩართულობის გამო მოხდა, რომ ვერ განვითარდა?

- კომპანია 2009 წელს შეიქმნა და სახელმწიფო მასში 2011 წელს შევიდა. სწორედ ამ დროიდან იწყება კომპანიის შემოსავლების 50 მილიონიდან 15 მილიონამდე შემცირება.
სახელმწიფო კომპანიები წარუმატებლად მუშაობენ ისე, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს, არავინ მათ მუშაობას არ აფასებს და არავინ მის მენჯმენტს პასუხს არ სთხოვს.

- მაგალითად, სახელმწიფო კომპანიებია რკინიგზა, საქართველოს ფოსტაც, ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ?

- თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ. მათი ფინანსური მაჩვენებლები უნდა ვნახოთ, რაც ადვილი არ არის. ზოგადად სახელმწიფო კომპანიების პრობლემა ის არის, რომ ისისნი დახურულები არიან. რკინიგზა შედარებით კარგი მაგალითია. ჩვენ დღეს ასობით კომპანია გვაქვს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. უმეტესობა მოქმედია და მათი დიდი ნაწილი წამგებიანი. კარგი ისაა, რომ მათი რიცხვი მცირდება, ანუ 2009 წელს საქართველოში1200 სახელმწიფო კომპანია იყო, მას შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა. მთავრი პრობლემა ის არის, რომ კონტროლი მინიმალურია.

- პასუხისმგებლობა კონკრეტულად რომელმა უწყებამ უნდა აიღოს?

- ამ ეტაპზე არ არსებობს უწყება, რომელიც ამის გაკონტროლებას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სახელმწიფოს ქონების მართვის სააგენტო, მას წვდომა არ აქვს თვითმართველობის მიერ შექმნილ კომპანიებზე. ამიტომ, სხვა უწყება უნდა შეიქმნას, ან უნდა გაფართოვდეს ამ სააგენტოს უფლებამოსილება ისე, როგორც ბევრ ქვეყანაში. დღეს ნებისმიერ თვითმმართველობას შეუძლია დასაბუთების გარეშე რაც უნდა ის შექმნას.

- სახელმწიფომ ეს პრობლემური აქტივები უნდა მოიშოროს? ამაზე ხომ არ მიმდინარეობს მუშაობა?

- ძირითადად არამოქმედი კომპანიების ლიკვიდაცია ხდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. მოქმედი კომპანიები მუშაობას აგრძელებენ. მე ყველაზე დიდ საფრთხეს თვითმმართველობებში ვხედავ, სადაც კონტროლი მინიმალურია, ყურადღებას არავინ არაფერს არ აქცევს. ბოლო მაგალითს გეტყვით, ვთქვათ, ქუთაისში შეიქმნა "სითი პარკის" ანალოგიური სახელმწიფო კომპანია "პარკინგ სერვისი". ვამბობთ, რომ "სითი პარკი" ცუდია თბილისში და ამ დროს სახელმწიფო ანალოგიურს, ზუსტად იგივე სისტემაზე დაფუძნებულ კომპანიას ქუთაისში თავად ქმნის, რომლის გამჭვირვალობაც ასევე ნული იქნება და საერთოდ რა შედეგს მოიტანს პარკირების კუთხით ჯერ არავინ იცის.



14.დეკემბერი.2018 19:53
226

სემეკთან მოქალაქეები ბინის გაქირავებისთბის წყლის კომერციული ტარიფის გადახდას გააპროტესტებენ

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 19:25
230

"დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს - საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:40
157

„მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს დაარტყამს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 18:00
167

"კოეფიციენტებით ვაჭრობამ" პიკს 2014-2015 წლებში მიაღწია - რამდენ შენობას გაეზარდა სიმაღლე

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:40
150

ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
102

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად