მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GDI "თიბისი ბანკის" საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

5c6aec3c55f8f
BM.GE
18.02.19 22:20
1872
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელძღვანელ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ბიზნესის ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდება, ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ასე გამოეხმაურა bm.ge-თან საუბრისას გიორგი მშვენიერაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, TBC-ის საქმესთან დაკავშირებით, შეიქმნას საბჭო NGO-ების, დპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიების მონაწილეობით, რომელიც "თიბისი ბანკის" საქმეს შეისწავლის.

„საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ, გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა განსაკუთრებით ხელისუფლებასთან, თუ რატომ გადაწყვიტა მან 11 წლის შემდგომ მიბრუნებოდა საქმეს, რომელზეც თურმე როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს უმსჯელია უკვე და მათ შორის საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებსაც და რატომ გადაწყვიტა, რომ ეს თემა უნდა გამხდარიყო აქტუალური მაშინ, როდესაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კრიტიკული კომენტარები გააკეთა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კითხვები, რა თქმა უნდა, გვაქვს. ნებისმიერი პროცესი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მსხვილი ბიზნესის ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის საკითხს ბუნებრივია ჩვენ ინტერესი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კითხვები ნაკლები დარჩეს. თუკი ბატონი მამუკა გადაწყვეტს, რომ დეტალური ინფორმაცია გაუზიაროს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს რომელიც კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ მზად ვიქნებით ვიყოთ ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც ფიქრობს, რომ NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „მათ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ ექნება“.

„ზოგადად საკითხის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა. ეს ხელს შეუწყობს საკითხის გამჭვირვალობას, თუმცა სამწუხაროდ, ამას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება; ეს ძალა მხოლოდ ეროვნული ბანკის და სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს. რამდენად ქმედითი იქნება ეს ნაბიჯი, არ ვიცი", - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, "თიბისი ბანკი" იძულებული გახდა ეს საქმე საჯარო გაეხადა და ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. ის განმარტავს, რომ „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა, მიიღოს საქმის შესწავლაში მონაწილეობა.

„როგორც ჩანს, "თიბისი ბანკმა" გადაწყვიტა საჯარო გახადოს ეს თემა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა მათი არჩევანი. მათ მოუწიათ ამ ველში გადასვლა, პრინციპში მათ ინტერესებშიც შედის. თუ შემოგვთავაზებენ, „საზოგადოება და ბანკები“ მზადაა ჩაერთოს ამ პროცესში, მოვიფიქრებთ რა ფორმით შეიძლება შედგეს ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც კომერციულ ბანკებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მიგვიღია მონაწილეობა გარკვეულ პროცესებში“, - აცხადებს კეპულაძე.