მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის გაჟონვა - აფეთქებების გამო რეგულაცია მკაცრდება - რა ვალდებულება ექნებათ აბონენტებს

5c94f88216248
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.19 12:00
2166
გაზის გაჟონვა-აფეთქებების გამო გამკაცრებული რეგულაცია, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში ამოქმედდება,- ამის შესახებ სემეკის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ “საქმის კურსში” განაცხადა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და მას ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება და დამტკიცდება. ირინა მილორავას თქმით, ცვლილებები ეხება ინდივიდუალურ საკუთრებაში(ბინებში) შიდა ქსელის უსაფრთხოების წესებს.

ირინა მილორავას თქმით, ცვლილებების მიხედვით, მომხმარებელს გაუჩნდება ვალდებულება - შექმნას პირველადი დოკუმენტაცია შიდა ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ეს დოკუმენტაცია საჭიროა იმისთვის, რომ კომპანიამ ბინებში დაიწყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება, ამას კი იმ დრომდე ვერ შეძლებს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ქსელი არის უსაფრთხო.

“კანონპროექტით მომხმარებელს აქვს ვალდებულება, რომ შექმნას პირველადი დოკუმენტაცია, შიდა ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ქსელის გამართულობას, ასევე გამოცდის აქტებს უსაფრთხოებასა და სიმტკიცეზე, ასევე ბინაში არსებული დანადგარების ტექნიკურ პასპორტთან შესაბამისობას და ა.შ.

ამ დოკუმენტაციის შექმნა საბოლოო ვერსიაში შეეძლება აკრედიტირებულ ორგანოს, მაგრამ დღეს აკრედიტირებული ორგანოები არ გვყავს ბაზარზე საკმარისი რაოდენობით, ამიტომ გაჩნდა აუცილებლობა, რომ პირველ ეტაპზე პირველადი დოკუმენტაცია შეიქმნას როგორც განაწილების ლიცენზიანტის მონაწილეობით, ასევე კვალიფიციური პირების მონაწილეობით. ეს არის პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება”,- აცხადებს მილორავა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე განაწილების ლიცენზიანტები დოკუმენტაციას უფასოდ მოამზადებენ, შემდეგ კი სერვისი ფასიანი გახდება, თუმცა, ჯერ არ არის დადგენილი, რა ვადამდე იქნება დოკუმენტაციის მომზადება უფასო.

უსაფრთხოების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონპროექტი ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

“დღესაც შიდა ქსელის უსაფრთხო ექსპლოატაციაზე და დანადგარების უსაფრთხო ექსპლოატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, მაგრამ გვაქვს ის სამწუხარო მოცემულობა, რაც გვაქვს. ამიტომ ფინანსური ჯარიმების შემოღების აუცილებლობა მწვავედ დადგა დღის წესრიგში”,- აცხადებს ირინა მილორავა.

მისივე თქმით, კანონპროექტში განსხვავებული ჯარიმებია გათვალისწინებული, ის მოიცავს როგორც გაფრთხილებას, ასევე მეორე ჯერზე 50-ლარიან ჯარიმას. სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით იქნება ჯარიმები, რომლებიც პირდაპირ 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.