მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია TBC-ზე კიბერშეტევაზე: დარწმუნებული ვარ, დამნაშავეს დავაკავებთ, ვინც არ უნდა იყოს

5c95259eaf00d
ლიკა გურაბანიძე
22.03.19 22:10
747
„ეს იყო შეღწევის მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, დანაშაულია; ეს მცდელობა მოხდა 2018 წლის 16 ივლისს და 17 ივლისს ჩვენ მივიღეთ წერილი,“ - ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი“ ბანკზე განხორციელებულ კიბერთავდასხმის მცდელობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარიამ tv „პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა, TBC ბანკის მენეჯმენტის მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილამდე შსს-ს რუსთაველის #12-ში რეგისტრირებული კომპანიის შესახებ წერილი სხვა მოქალაქემ მიწერა.

„რა ხდებოდა ამის წინ? - მანამდე ჩვენ სხვა მოქალაქის განცხადება გვქონდა, მისი ელექტრონული სივრცის გატეხვის თაობაზე და იქ გარკვეული მანიპულაციების მოხდენაზე. ეს იყო დაახლოებით, აპრილი და ჩვენ ამ თემაზე გამოძიება უკვე დაწყებული გვქონდა. რუსთაველის #12-ში კონკრეტული კომპანია უკვე იდენტიფიცირებული გვქონდა და ამ კომპანიის კონკრეტულ კომპიუტერებზე ვმუშაობდით, რა დროსაც „თიბისი“-დან ეს წერილი შემოვიდა.

კიბერდანაშაულის ნაწილში ქვეყანას, სამწუხაროდ, ძლიერი პოზიციები არ აქვს. ათი დღის გასვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, როგორც კი მოხდა იდენტიფიცირება, მოხდა სრულად ლიკვიდირება. ეს მარტივი პროცესი არ არის, ამას სასამართლოს განჩინება სჭირდება, ამ განჩინებას შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული პროცედურები სჭირდება. არ არის მარტივი სხვის საკუთრებაში შეხვიდე და უთხრა - აბა, მანახე შენი კომპიუტერი. ეს ასე არ ხდება და ამას თავისი განჩინება სჭირდება.

შენ თუ შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები არ გაქვს მოსამართლე არ მოგცემს შესვლის უფლებას. ჩვენ რომ ასე ბანკში შესვლა შეგვეძლოს, მოგვეჩვენა რაღაც უნდა შევიდეთ?

ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ესე არ ხდება, რომ შევიდეთ და ვიღაცის კომპიუტერები წამოვიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეს დავაკავებთ, ვინც არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შსს-მ დაკითხა TBC ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც კიბერთავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით უწყებას მიმართეს.