18.იანვარი.2016 11:50
ეკონომიკა

გადასახადის გადამხდელთა კავშირი "ლატარიის კომპანიის" პრივატიზაციის შეჩერებას ითხოვს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი "ლატარიის კომპანიის" პრივატიზაციის შეჩერებას ითხოვს
გადასახადის გადამხდელთა კავშირი „ლატარიის კომპანიის“ პრივატიზაციის შეჩერებას ითხოვს. როგორც კავშირში განმარტავენ, საქართველოს მთავრობამ შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის გაყიდვა გადაწყვიტა, რაც, ერთის მხრივ, მისასალმებელია, თუმცა ა/წ 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე (www.eauction.ge) გამოცხადებულმა აუქციონმა (განაცხადის #: 42BV116) ბევრი კითხვა გააჩინა.
 
"პირველ რიგში, ეჭვებს აჩენს აუქციონის ვადები – 2016 წლის 14-28 იანვარი. გაუგებარია, რატომ ტარდება ის ასეთ მოკლე პერიოდში, წინასწარი ინფორმაციის გავრცელების გარეშე. როგორც წესი, ასეთი ტიპის აუქციონები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს პოტენციური მყიდველების ინფორმირება და მათ მიეცეთ საკმარისი დრო საპრივატიზაციო ობიექტის შესასწავლად. 2 კვირა ძალიან მოკლე დროა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა სათანადოდ შეისწავლოს კომპანიის მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება.

ასევე, ირკვევა, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიას", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს და რომელიც, ფაქტობრივად, მონოპოლისტია ბაზარზე, გააჩნია ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის ოდენობით დავალიანება (მ.შ. საურავი 62 634 927 ლარი)[1]. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს კომპანიის ამჟამინდელი და ყოფილი მენეჯმენტის საქმიანობის მიმართ და საჭიროებს განმარტებების გაკეთებას. ცნობისთვის, კომპანიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ წილს მართავდა საქართველოს ფოსტა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ "საქართველოს ლატარიის კომპანიას" ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა 2009 წელს ტენდერის საფუძველზე (რაც არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი) და კომპანიამ 10 წლის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 913 351 000 ლარის შეტანის ვალდებულება აიღო. დღეს კი, ირკვევა, რომ შეთანხმებიდან 6 წლის შემდეგ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდა და ის, სავარაუდოდ, ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ამ ფონზე, ეჭვქვეშ დგება კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნების მიზანშეწონილობა.

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომადინარე, "გადასახადის გადამხდელთა კავშირი" მოითხოვს:

1. შეჩერდეს აუქციონი, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საშუალება.
2. დადგინდეს მიზეზები იმისა, თუ რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანების დაგროვება და შეფასდეს მენეჯმენტის საქმიანობა.
3. თუ დადასტურდება ის, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანია" ვერ ასრულებს „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, უნდა დადგეს აღნიშნული ექსკლუზიური უფლებების გაუქმების საკითხი და მოხდეს ბაზრის სრული დემონოპოლიზაცია.

"გადასახადის გადამხდელთა კავშირს" არაფერი აქვს პრივატიზაციის საწინააღმდეგო. პირიქით, ის თავად ბევრჯერ გამოსულა სახელმწიფო საწარმოების გასხვისების მოწოდებით, თუმცა აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს", - განმარტავენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.



20.მაისი.2018 22:19
550

Georgian Airways: ვცდილობთ, "ტავ ურბან ჯორჯიასთან" დალაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებაზე, რაზეც ისინი უარს ამბობენ

ვრცლად
20.მაისი.2018 21:00
464

რას გულისხმობს საქართველოს და გერმანიის რკინიგზის ერთობლივი პროექტი

ვრცლად
20.მაისი.2018 20:35
49

SIEMENS, შესაძლოა, ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაში ჩაერთოს

ვრცლად
20.მაისი.2018 20:00
154

ქეთა გაბუნია: „კლუბების დარეგულირება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება“

ვრცლად
20.მაისი.2018 18:58
204

სად მოგზაურობენ ქართველები - საქსტატი ახალ კვლევას იწყებს

ვრცლად
20.მაისი.2018 18:35
215

რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან კონტრაქტი გააფორმა

ვრცლად