მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხების ზრდა 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

5c927621ab3fa
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.19 21:31
3128
“ბუნებრივია, დაკრედიტების მოცულობა სამომხმარებლო ნაწილში შემცირდება და ეს ლოგიკურია,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

ის "ლოგიკური" შედეგი, რაც ახალი რეგულაციის ამოქმედებით იყო მოსალოდნელი უკვე დადგა. TBC Research-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპმა მხოლოდ 0.3% შეადგინა. ეს გასული 6 წლის მინიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფიზიკური პირების არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ბაზარმა ზრდა, პრაქტიკულად, შეწყვიტა.

ეს ზუსტად ის სესხებია, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს. მაგალითად, განვადებები, საკრედიტო ბარათები და მიკრო სესხები.

შემცირების ტენდენცია 2018 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის შედეგადაც ბანკებს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. 2018 წლის 7 მაისს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის ერთიანი ჭერი დაწესდა, რაც კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს წარმოადგენს.

ამ ცვლილების მიღებამდე, არაიპოთეკური სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი თვეში საშუალოდ 13% იყო. ცვლილებიდან 5 თვეში ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი განახევრდა და 6.7%-მდე დაეცა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების შედეგად კი, ამ ტიპის სესხების ზრდა კიდევ უფრო მეტად შემცირდა და თითქმის 0%-ს მიუახლოვდა.

საბანკო რეგულაციების ძირითადი პაკეტი 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელის შედეგად, ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთებზე ერთიანი - 50%-იანი ჭერი დაწესდა, დადგინდა ფიზიკური პირის შემოსავლიანობის დადასტურების ვალდებულება და განისაზღვრა საშემოსავლო კატეგორიები, რომელთა დაკმაყოფილებაც, ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება.

ამასთანავე, განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად კი, 4 წელი განისაზღვრა.




საგულისხმოა გარემოება, რომ რეგულაციის მოახლოებამდე - 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იპოთეკური სესხები განსაკუთრებით გაიზარდა. 2018 წლის ნოემბერში მან რეკორდულ 37%-საც მიაღწია. ეს სავარაუდოდ, ის სესხებია, რომლებიც მოქალაქეებმა საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდე დაჩქარებული წესით აიღეს, რათა მათზე ახალი მოთხოვნები არ გავრცელებულიყო.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ნორმით კი, თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა ის ჰიპოთეტური ჭერი, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს.

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 2000 ლარი, თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, რომლის მომსახურებაც თვიურად 900 ლარს აჭარბებს.

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ჭერი ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

ადამიანები, რომლებიც ამ ციფრების უკან დგანან

საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად სესხებთან წვდომა შედარებით დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ პირებს გაურთულა, რამაც უკვე ხელშესახები გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე. დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. ამის მიზეზია ის, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნას ხელს სწორედ საგანვადებო სესხები უწყობდნენ, მათ გარეშე კი, გაყიდვები დაეცა.