მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings-მა Tegeta Motors-ს რეიტინგი მიანიჭა

5a0e8814952d5
BM.GE
17.11.17 12:30
2199
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Tegeta Motors-ს რეიტინგი პირველად მიანიჭა. სააგენტომ კომპანიის რეიტინგი B- პროგნოზით "სტაბილური" დააფიქსირა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, რეიტინგის დადასტურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად გამოუშვებს კომპანია 30 მილიონი ლარის გრძელვადიან ბონდებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Tegeta Motors-ს ეს გეგმა 2018 წლის პირველი კვარტლისთვის აქვს. თუ ბონდების განთავსება წარმატებულად არ მოხდა, სააგენტო უფრო დაბალ საბოლოო რეიტინგს პროგნოზირებს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია რეიტინგის მინიჭების ძირითად მახასიათებლებს განმარტავს, ერთ-ერთია დაბალი ლიკვიდურობა. აქვე მითითებულია, რომ დაგეგმილი ბონდების გამოშვება ლიკვიდურობას გაზრდის.

სარეიტინგო კომპანია ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის გეოგრაფიული დივერსიფიკაცია შეზღუდულია და ძირითადად საქართველოზეა ორიენტირებული, რის გამოც მისი ოპერირება დაკავშირებულია მეტად მერყევ ეკონომიკურ გარემოზე, რომელიც დამახასიათებელია განვითარებადი ქვეყნებისთვის.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, Tegeta Motors სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლასაც აპირებს.

"საქართველოში მანქანების უმეტესობა ძალიან ძველია. მხოლოდ მანქანების 1,3% არის 3 წელზე ნაკლები ასაკის, მაშინ, როდესაც ავტოპარკის 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა.
ეს ხელს უწყობს მანქანების შეკეთებასა და ნაწილების შესყიდვაზე მუდმივ მოთხოვნას, რაც Tegeta Motors-ის გამომუშავების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს",- ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიის შემოსავლები საქართველოში ძირითადად ლარშია, როდესაც საოპერაციო ხარჯების 80% დოლარსა და ევროსთან არის მიბმული.
Fitch Ratings-ის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2017 წელს 20% გაიზრდება და საშუალოდ 14%-ით 2018-2020 წლებში.