მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას აუცილებლობად მიიჩნევს

5c112b6736cab
დათო ჯალაღონია
12.12.18 19:55
799
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები სოციალური ტვირთისგან უნდა გათავისუფლდნენ.
ამის შესახებ მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა 2017 წელი 65-მილიონიანი მოგებით დაამთავრა. ნავთობისა და გაზის კორპორაციამ - 110 მლნ ლარის მოგებით. შეგიძლიათ დამისახელოთ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სხვა საწარმოები, რომლებმაც 2017 წელი 50 და მეტი მლნ ლარის მოგებით დაამთავრეს? ვინ არიან ასეთი საწარმოები, რომელთა მენეჯმენტი ამართლებს და ამ მენეჯმენტის მუშაობის შედეგები მონეტარულად სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების სახით აისახება?“, - იკითხა დეპუტატმა.

ქუცნაშვილის კითხვაზე პასუხის დასაწყისშივე ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები კორპორატიზაციის გზით უნდა წავიდნენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აქ ცოტა დამაჯერებელი ნაბიჯებით თუ არ წავედით, მომავალში პრობლემები გველოდება, იქნება ეს ენერგეტიკის სფერო, თუ - გაზის. აქ უნდა წავიდეთ ე.წ კორპორატიზაციის გზით. რას ნიშნავს ეს? - ჩვენ გვაბრალებენ, რომ უცხოურ სიტყვებს ვხმარობთ და პრობლემის არსს ვმალავთ, ამიტომ განვმარტავ, რას ნიშნავს კორპორატიზაცია ამ შემთხვევაში - კომპანიამ, იქნება ეს სახელმწიფო საკუთრება, კერძო, შერეული, საჯარო, სააქციო, თუ სხვა, უნდა იმოქმედოს, როგორც ცალკე მდგომმა, გამართულმა სამეურნეო ერთეულმა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ეს ილუზია, რომ რადგან სახელმწიფო კომპანიაა, შევტენოთ სოციალური ხარჯი, არ გავაკეთოთ რეფორმა, თუ ბევრი ხალხი არაა, მოდერნიზაციაზე არ წავიდეთ. მომავალი არ უწერია ასეთ კომპანიებს. გადავაგორებთ ერთ-ორ წელს, მაგრამ ვერსად გავექცევით ამ თემას, დაგვეწევა გზაში, შეგვიქმნის კრიზისს, ამას ამბობებენ სავალუტო ფონდი, ჩვენი მეგობრები, რომ ესენი პრაქტიკულად კვაზი ფისკალური რისკების მატარებლები არიან. მათი სესხი საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსა და ბიუჯეტის გადასახდელი იქნება, ამიტომ უნდა გადავდგათ მკვეთრი ნაბიჯები, იქნება ეს სხვისთვის მენეჯმენტში გადაცემა, თუ გაყიდვა. მთავარია, თანამედროვე მენეჯმენტი დამკვიდრდეს. ეს შესაძლებელია სახელმწიფო საკუთრების პირობებშიც. შემდეგ თვითონ გავიდნენ ბაზრებზე, დაფინანსება მოიპოვონ და თვითონვე იყონ გარანტორი ამ სესხისა, თუ სხვა ტიპის ვალდებულების. ეს უნდა დაიწყოს პრაქტიულად ყველა სახელმწიფო საწარმოში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მთავრობა საპარტნიორო ფონდთანაც მუშაობს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერს.

„ეს კომპანიები სოციალური ტვირთის მატარებლები არიან და ეს არ შეიძლება, ეს ტვირთი ბიუჯეტმა უნდა ატაროს. აი, მაგალითად, რაც რკინიგზის შემთხვევაში იქნება - რკინიგზამ, მომგებიანმა სატვირთომ არ უნდა დაასუბსიდიროს წამგებიანი სამგზავრო. თუ აუცილებელია სამგზავროს სუბსიდირება, გამოვყოთ თანხა ბიუჯეტიდან და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, მივცეთ ორგანიზაციას საშუალება, წელში გაიმართოს და იმოქმედოს, როგორც კორპორაციამ“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.