მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

5beaeb9379e25
ელენე გოგბერაშვილი
13.11.18 19:20
1532
დღეს უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი თუ 60 თეთრია, ფილტრიანის შემთხვევაში ის 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს. როდესაც მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს ყიდულობს, მას მოჰყვება ფილტრი საჩუქრად. ასეთი თამბაქოს სარელიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით დაბალია. თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებით კი სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, თუ რამდენად შესაძლებელია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთი ერთმანეთს გაუთანაბრდეს.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრებას ითხოვენ. ზვიად სხვიტარიძე, რომელიც „ბრითიშ ემერიქან თობაქოს“ წარმოადგენს, ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკა არის კანონის შავი ხვრელი და კარგი იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო ამ მხრივ ცვლილებებს განახორციელებს.

“სახელმწიფოებრივი მიდგომა არის მთავარი და ასევე რა თქმა უნდა ევროპული გამოცდილება. არცერთის მიხედვით ცალსახად სხვადასხვა აქციზი არ უნდა იყოს. საუბარია იმაზე, რომ იყიდება ცალკე თამბაქო და საჩუქრად მოყვება ფილტრი. საერთო ჯამში მომხმარებელი ეწევა ფილტრიან სიგარეტს, მაგრამ ადგილობრივი კომპანიები იხდიან სამჯერ ნაკლებ აქციზს, შესაბამისად სახელმწიფო დიდ თანხებს კარგავს. წლიურ ჭრილში დაახლოებით 100 მილიონ ლარზეა საუბარი, რასაც სახელმწიფო კარგავს ამ კონკრეტული მიდგომით.თავისთავად ეს არის ხვრელი კანონმდებლობაში, რომელიც უნდა გამოსწორდეს“, - აცხადებს ზვიად ცხვიტარიძე.

მსგავსი პოზიცია აქვს ასოცირებულ პროფესორ ნიკო მჭედლიშვილსაც. ის თვლის, რომ ორივე შემთხვევაში აქციზის განაკვეთი უნდა იყოს თანაბარი.

„აქ იყო „ძლიერი“ არგუმენტი ის, რომ სოციალურად დაუცველ და ნაკლებშემოსავლიან ფენას რომ შეეძლოს სიგარეტის მოწევა. ეს იყო წლების განმავლობაში, რაც მესმოდა ხოლმე მთვარობის მხრიდან, რომ უფილტრო სიგარეტი უფრო იაფი უნდა ღირდეს და უფრო ნაკლებად იბეგრებოდეს იმიტომ, რომ ხელმისავწდომობა იყოს, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი და ამიტომ მომხრე ვარ რომ გათანაბრდეს“, - აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ უფილტრო სიგარეტის მოხმარება ბოლო წლებია იზრდება და ამის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სხვა ტიპის თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიც უწყობს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ გასულ წლის 9 თვეში ადგილობრივ მწარმოებლებზე 57 მილიონზე მეტი აქციზური მარკა გაიცა, წელს ეს მაჩვენებელი 63 მილიონ ნახევარ აქციზურ მარკას აჭარბებს.